ეროვნულმა კინოცენტრმა რეჟისორ იოსებ ბლიაძის ახალი სრულმეტრაჟიანი ფილმი „ოთარის სიკვდილი“ დააფინანსა
ახალგაზრდა რეჟისორი იოსებ ბლიაძე ახალ სრულმეტრაჟიან ფილმზე მუშაობს. მისმა სადებიუტო პროექტმა „ოთარის სიკვდილი“ დაფინანსება ეროვნული კინოცენტრის კონკურსში მოიპოვა.
ფილმი „ოთარის სიკვდილი“ არის ამბავი ორ ქართულ ოჯახზე. ერთი ოჯახი თბილისიდან არის, ხოლო მეორე სოფლიდან. ინციდენტის გამო გადაიკვეთებიან და მათი ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება. 36 წლის ქეთი და მისი 16 წლის შვილი ნიკა აღმოჩნდებიან რთულ სიტუაციაში მას შემდეგ, რაც ნიკა ქეთის მანქანით შემთხვევით მოხუც ოთარს დაეჯახება. ოთარი შემთხვევის შედეგად დაიღუპება. მისი ოჯახი ქეთისგან ითხოვს ფულს იმის სანაცვლოდ, რომ პოლიციაში არ განაცხადონ. ერთი დღის განმავლობაში ქეთი ცდილობს, იშოვოს ოთარის ოჯახის მიერ მოთხოვნილი თანხა, რომ შვილი ციხიდან დაიხსნას.
ფილმში მთავარ როლებს ნუცა კუხიანიძე, ივა ქიმერიძე, ეკა ჩავლეიშვილი, აჩი მაკალათია და მარლენ ეგუტია ასრულებენ. ფილმში ასევე მონაწილეობენ ნანკა კალატოზიშვილი, ვახო ჩაჩანიძე, დიმიტრი ტატიშვილი და რუსუდან კობიაშვილი.
ფილმის ოპერატორი არის დიმიტრი დეკანოსიძე, სცენარი ეკუთვნის იოსებ ბლიაძესა და ელმარ იმანოვს.