ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე პროკურატურა სასამართლოს მიმართავს
ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ ვეფხვია ბაქრაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მთავარი პროკურატურა სასამართლოს დღეს მიმართავს.
როგორც პირველ არხს პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს, ბრალდების მხარე ბაქრაძისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.
„საქართველოს პროკურატურამ ქალაქ თბილისში მომხდარი მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ვ.ბ.-ს წარუდგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის განზრახ მკვლელობა ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას.
პროკურატურა მიმართავს სასამართლოს დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით. საქმეზე გამოძიებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტრო“, – განაცხადეს პროკურატურაში.
რაც შეეხება ამავე საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ კიდევ ერთ პირს, როგორც პირველ არხს პროკურატურაში განუცხადეს, აღნიშნული პირის შესახებ დეტალურ ინფორმაციას საქართველოს მთავარი პროკურატურა დღეს გაავრცელებს.
ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი გუშინ დაუმძიმდა. საქმის წარმოება სსკ-ის 108-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა.
ვეფხია ბაქრაძეს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 16-დან 20-წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებული 14 აპრილს დააკავა.
ამასთან, დაკავებულია კიდევ ერთი პირი, რომელსაც დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან.
მკვლელობა თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 13 აპრილს მოხდა. ყოფილმა მამინაცვალმა ახალგაზრდა ქალს მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.
ინციდენტამდე რამდენიმე საათით ადრე, თაკო გამრეკელაშვილი დედასთან ერთად პოლიციაში იმყოფებოდა, სადაც მამინაცვლის მხრიდან მუქარასა და ზეწოლაზე განცხადება შეიტანეს. ეჭვმიტანილის წინააღმდეგ შემაკავებელი ორდერიც გამოიცა.
მკვლელობისთვის დაკავებული პირი, შსს-ს ინფორმაციით, ადრე ნასამართლევია ოჯახური ძალადობის ბრალდებით და ის პრეზიდენტის შეწყალებით რამდენიმე თვის წინ გათავისუფლდა. აღნიშნულ საკითხზე პრეზიდენტი განცხადებას დღეს გააკეთებს.