ახალგაზრდა მამაკაცის გატაცებაში ბრალდებულები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ
ახალგაზრდა მამაკაცის გატაცებაში ბრალდებულები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ

ახალგაზრდა მამაკაცის გატაცებაში ბრალდებულები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი ითხოვს, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ აღკვეთის ღონისძიება საერთოდ არ გამოიყენონ, მეორე ბრალდებულის უფლებადამცველმა სასამართლოს ათასლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართა, ხოლო დანარჩენი სამის ადვოკატმა ათი ათასლარიანი გირაო მოითხოვა.

ახალგაზრდა მამაკაცის გატაცების ბრალდებით დაკავებული ათი პირიდან ხუთი გაათავისუფლეს.

ამ დროისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლო ხუთი ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს.

აქედან ერთს გატაცების გარდა, ბრალად ედება​ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა, ხოლო კიდევ ერთ ბრალდებულს – ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა.

მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით, 10-კაციანი დანაშაულებრივი ჯგუფი 18 ოქტომბერს დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 9-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიციამ გატაცებული ახალგაზრდა წარმატებული სპეცოპერაციის შედეგად გაათავისუფლა და ოჯახში უვნებლად დააბრუნა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლით მიმდინარეობს. გამოძიების ფარგლებში დაინიშნება ყველა შესაბამისი ექსპერტიზა.

არსებული ინფორმაციით, გატაცება ცოლ-ქმარმა დაგეგმა. ისინი მოსკოვში ცხოვრობდნენ და საქართველოში ერთი კვირის წინ დაბრუნდნენ.