ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა დაზარალებულის ოჯახს და საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას მიაწვდის
პროკურორ დავით გუმბერიძის განცხადებით, ვარკეთილში, ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებიდან 48 საათის განმავლობაში ჩატარდა 60-მდე საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება.
მისივე თქმით, ჩატარებული ღონისძიებები შეეხებოდა უშუალოდ ფაქტის გახსნის მცდელობას და საგამოძიებო ორგანოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს გენერალური პროკურატურის მხრიდან არანაირ დაფარვას ან დამალვას, რაიმე ფაქტის უგულველყოფას ადგილი არ ჰქონია.
გუმბერიძის განმარტებით, უშუალოდ საქმეში მონაწილე მეორე პირთან დაკავშირებით კვლავ გრძელდება აქტიური საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, ხოლო პროკურატურა როგორც დაზარალებულის ოჯახს, ისე საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის.
„ყველა პირის მოქმედება დეტალურად იქნება შესწავლილი და ძალიან მალე დაზარალებული ოჯახი საგამოძიებო ორგანოდან მიიღებს პასუხს კონკრეტულად ამ საქმესთან მიმართებაში. გარდაცვლილის ძმა გუშინ ვცანით დაზარალებულად. კონკრეტულად წარდგენილ ბრალდებაში, რომელზეც დაკავებულს ბრალი წარვუდგინეთ, სწორედ მასზე განხორციელებული ცემა და ძალადობაც იქნა გათვალისწინებული და ამ კუთხითაც ბრალდება დამძიმდა ბრალდებულის მიმართ. რაც შეეხება მეორე პირს, რა თქმა უნდა, გამოძიება შეაფასებს და სრულყოფილი გამოძიება ამ პირთან მიმართებაში ძალიან მალე ჩატარდება. გამოძიება აქტიურ ფაზაშია, ამიტომ დაელოდეთ ჩვენგან შესაბამის განმარტებებს ძალიან მალე“, – განაცხადა პროკურორმა.
თბილისში, ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ შსს-ს თანამშრომელს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა დღეს შეეფარდა.