ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - ქართულ ეკონომიკაში რუსეთის წილი საგანგაშო არ არის
საქართველოში ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებულმა პოლიტიკურმა პროცესებმა და რუსეთის მხრიდან სანქციების შესაძლო დაწესებამ ეკონომიკის დივერსიფიკაციის საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახადა, – ამის შესახებ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ (აფბა) კვლევაშია ნათქვამი.
კვლევაში ახალი ბაზრების ათვისების თვალსაზრისით ბოლო წლების ტენდენციებია განხილულია.
ორგანიზაციის კვლევაში ნათქვამია, რომ რუსეთის ფაქტორის გამორიცხვით ეკონომიკის დივერსიფიკაციის და ახალი ბაზრების ათვისების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს.
კვლევაში განხილულია ეკონომიკური მაჩვენებლების ცვლილებების ტენდენციები რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებით და მის გარეშე. კვლევის მიზანია კონკრეტული მაჩვენებლების და ფაქტორების ანალიზის საფუძველზე ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს მიეწოდოს ეკონომიკის დივერსიფიკაციის რეალური სურათი.
როგორც კვლევის დასკვნით ნაწილშია აღნიშნული, „შესაბამისი კონკრეტული მაჩვენებლების ანალიზის საფუძველზე იკვეთება, რომ საქართველოს ეკონომიკის რუსეთზე საგანგაშო დამოკიდებულების თვალსაზრისით არსებული მოსაზრება მცდარია“.
კვლევაში ასევე ხაზგასმულია, რომ რუსეთთან ეკონომიკური კავშირების აღდგენის მიუხედავად, რუსეთის წილი ქართულ ეკონომიკაში დრამატული ან საგანგაშო არ არის.
ორგანიზაციის კვლევაში განხილულია სამი ძირითადი ფაქტორი – საგარეო ვაჭრობა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ტურიზმი. ნაჩვენებია აღნიშნული მიმართულებით რუსეთის ბაზრების გარეშე არსებული ვითარება.
„სტატისტიკური მაჩვენებლების ანალიზზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის პარალელურად, (რუსეთის ფაქტორის გამორიცხვით) წმინდა ექსპორტი გაზრდილია 589 მილიონი დოლარით. შესაბამისად, იმის მტკიცება, რომ საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის პროცესი არ მიმდინარეობს და მხოლოდ რუსეთის ბაზარზე ვართ დამოკიდებული, არსებითად მცდარი მოსაზრებაა“, – ნათქვამია კვლევაში ექსპორტთან მიმართებაში.
რაც შეეხება ტურიზმს, კვლევის თანახმად, ტურისტული ბაზრის დივერსიფიკაცია და სხვა ქვეყნების ბაზრების ათვისება წარმატებით მიმდინარეობს.
„კერძოდ, რუსეთის ფაქტორის სრული გამორიცხვით, საქართველოში ტურისტების ნაკადი მნიშვნელოვნად გაიზარდა და 2,943 მილიონით მეტი ვიზიტორი შეადგინა. შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ ტურისტული ინდუსტრია მხოლოდ რუს ვიზიტორებზეა ორიენტირებული, მცდარია“, – აღნიშნავს ორგანიზაცია.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მხრივ კი, კვლევაში მითითებულია, რომ მოქმედი ხელისუფლების პირობებში ინვესტიციების მოცულობა 2,2 მილიარდი დოლარით არის გაზრდილი.
„არსებობს მოსაზრება, რომ ეკონომიკა გაცილებით დივერსიფიცირებული იყო წინა ხელისუფლების პერიოდში, ვიდრე ეს დღეს არის. რეალურად, კვლევა უტყუარად აჩვენებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პირობებში (2007-2012 წლები) პირდაპირი რუსული ინვესტიციები მთლიანი პირდაპირი ინვესტიციების 3,2 პროცენტს შეადგენდა. რაც შეეხება „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდს (2013-2018 წლები) ეს თითქმის ანალოგიურს, 3,1 პროცენტს შეადგენს. თუმცა, ხაზგასასმელია, რომ ანალოგიურ პერიოდში, ზოგადად, ინვესტიციების მოცულობა 2,2 მილიარდი დოლარით არის გაზრდილი მოქმედი ხელისუფლების პირობებში“, – ნათქვამია კვლევაში.
კვლევის სრული ვერსია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ (აფბა) ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.