ახალციხის საკრებულოს დეპუტატი, რომლის ავტომობილთან აფეთქება მოხდა, დაკითხვაზე იმყოფებოდა
ახალციხის საკრებულოს დეპუტატი, რომლის ავტომობილთან გუშინ, გვიან ღამით აფეთქება მოხდა, ახალციხის რაიონულ სამმართველოში დაკითხვაზე იმყოფებოდა.
ამბარცუმ ბაბოიანი გამოძიების კითხვებს დილიდან პასუხობდა.
როგორც მან პირველ არხთან საუბრისას განაცხადა, გამომძიებლებს კითხვები გუშინ მომხდართან ფაქტთან დაკავშირებით ჰქონდა.
დეპუტატი მომხდარს ვერაფერს უკავშირებს და ამბობს, რომ ეჭვი არავიზე აქვს.
„ვიყავი დაკითხვაზე, გამოძიებას გუშინდელზე მივაწოდე ინფორმაცია. შემთხვევა გუშინ, დაახლოებით 21:30 საათზე მოხდა, როდესაც სპორტ დარბაზში სავარჯიშოდ მივედი.
5 წუთის შესული არ ვიყავი დარბაზში, რომ საშინელი აფეთქებს ხმა გავიგეთ. გამოვედით და დავინახეთ, რომ ჩემს მანქანასთან რაღაც აფეთქდა. მანქანა ძალიან არის დაზიანებული. ნამდვილად ვერ გეტყვით, იყო თუ არა აფეთქება მიზანმიმართული. არც მუქარა არ ყოფილა მანამდე, ეჭვიც არავისზე მაქვს. ველოდებით გამოძიების დასრულებას”,- განაცხადა ამბარცუ ბაბოიანმა.
შეგახსენებთ, შემთხვევა, ასპინძის ქუჩაზე ახალციხის სასპორტო სკოლასთან გუშინ მოხდა. აფეთქების შედეგად ორი მანქანა დაზიანდა, ერთი მსუბუქი ავტომანქანა, რომელიც ახალციხის საკრებულოს დეპუტატ ამბარცუმ ბაბოიანს ეკუთვნოდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც აფეთქებით სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.