ახალ ზელანდიაში სავალდებულო ვაქცინაციისა და შეზღუდვების წინააღმდეგ აქცია გაიმართა
ახალ ზელანდიაში სავალდებულო ვაქცინაციისა და შეზღუდვების წინააღმდეგ აქცია გაიმართა

ახალ ზელანდიაში სავალდებულო ვაქცინაციისა და შეზღუდვების გასაპროტესტებლად დემონსტრაციაზე ათასობით ადამიანი გამოვიდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

საპროტესტო აქციის მონაწილეები ქვეყნის პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ. დემონსტრაციის გამო, პარლამენტთან გამკაცრდა უსაფრთხოების ზომები, შენობის შესასვლელების ნაწილი დაიკეტა.

გასულ თვეში ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა, ჯასინდა არდერნმა ჯანდაცვისა და განათლების სფეროების თანამშრომლებისთვის „კოვიდ-19“-ზე სავალდებულო ვაქცინაციის გეგმის შესახებ გამოაცხადა. მან პირობა დადო, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო დაწესებულ შეზღუდვებს მოსახლეობის 90 პროცენტის აცრის შემდეგ გააუქმებდა.

ახალი ზელანდია იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც პანდემიის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ყველაზე მცირე რაოდენობაა დაფიქსირებული. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის 8 000-მდე შემთხვევა, გარდაიცვალა 32 ადამიანი. ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში ინფიცირების 125 შემთხვევა გამოვლინდა. აცრილია მოსახლეობის 80 პროცენტი.