ახალ ზელანდიაში, სადაც სამი კვირის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევები პირველად დაფიქსირდა, საკარანტინო ზონებს ამიერიდან თავდაცვის ძალები გააკონტროლებენ.
„გარდიანის“ ინფორმაციით, ახალი შემთხვევები გაერთიანებული სამეფოდან ახალ ზელანდიაში ჩასულ ორ მგზავრს უკავშირდება, რომლებმაც საკარანტინო სივრცე ტესტირების გარეშე დატოვეს. ამ ინციდენტს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა დაუშვებელი შეცდომა უწოდა.
„ეს დაუშვებელი შეცდომა იყო. ეს არასდროს უნდა მომხდარიყო და ასეთი რამ აღარ უნდა განმეორდეს, ამიტომ ამიერიდან ქვეყანაში ჩამოსული მგზავრების საკარანტინო ზონების კონტროლი თავდაცვის ძალებს დაევალებათ“, – განაცხადა ჯასინდა არდერნმა.
ახალ ზელანდიაში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების 320 კონტაქტს იკვლევენ. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 1 500 შემთხვევა და 22 გარდაცვალება ფიქსირდება.