ახალ ორლეანში მშენებარე სასტუმროს ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ლუიზიანის შტატის ქალაქ ახალ ორლეანში მშენებარე სასტუმროს შენობის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ორამდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია „ფოქს ნიუსი“ ავრცელებს. ცნობები მეორე გარდაცვლილის შესახებ მედიას ახალი ორლეანის მერმა, ლატოია კანტრელმა დაუდასტურა. მისი თქმით, კიდევ ერთ ადამიანს ნანგრევებში კვლავ ეძებენ. სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს შენობის დარჩენილი ნაწილის ჩამონგრევის საფრთხე ართულებს.
მშენებარე სასტუმროს და კაზინო „ჰარდ როკ ჰოტელის“ ჩამონგრევის შედეგად დაშავდა 20-ზე მეტი ადამიანი. შენობის ჩამონგრევის შემდეგ მიმდებარე ქუჩებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. ჯერ უცნობია, რა გახდა ნაგებობის ჩამოშლის მიზეზი.