„ახალ კვირაში“ გასული სიუჟეტის შემდეგ, საქართველოს სამი მოქალაქე ინტერპოლის ძებნილთა სიიდან ამოიღეს
პირველ არხზე „ახალ კვირაში“ გასული სიუჟეტის შემდეგ, საქართველოს სამი მოქალაქე ინტერპოლის ძებნილთა სიიდან ამოიღეს.
მათ შორის იყო ორი არასრულწლოვანი დავით და დანიელ მუხულიშვილები, რომლებიც ყვითელი ცირკულარით 2015 წლიდან იძებნებოდნენ, როგორც უგზო-უკვლოდ დაკარგული ბავშვები. მესამე კი ბავშვების მამა ზურაბ მუხულიშვილია. მასზე ძებნა კვიპროსის მთავრობის მოთხოვნით წითელი ცირკულარით იყო გამოცხადებული.
ზურაბ მუხულიშვილის წინააღმდეგ ბრალდება შვილების მუდმივი ადგილსამყოფელი ქვეყნიდან – კვიპროსიდან საქართველოში წამოყვანა და სასამართლოს მიერ დადგენილ 2 კვირაში ბავშვების დედასთან დაუბრუნებლობა იყო. ზურაბ მუხულიშვილს, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, კონსტიტუციის მე-13 მუხლიდან გამომდინარე საქართველო კვიპროსის მთავრობას არ გადასცემდა. ბავშვები კი მამის მიერ ჩადენილი კანონდარღვევის გამო ყვითელი ცირკულარის სიაში რჩებოდნენ.
მათ სამი წლის განმავლობაში უგზო-უკვლოდ დაკარგულის სტატუსი ჰქონდათ, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვების ადგილსამყოფელის შესახებ მშობლებისთვის და ორივე ქვეყნისთვის – საქართველოსთვის და კვიპროსისთვის 2015 წლიდანვე ცნობილი იყო.
სწორედ ბავშვების სტიგმატიზების გამო გადაწვიტა ახალმა კვირამ სიუჟეტის მომზადება. „ახალი კვირის“ ჟურნალისტები მარიამ ცარელაშვილი და აკაკი გურგენიშვილი კვიპროსში ჩავიდნენ. მთავარი უწყება, რომელმაც არასრულწლოვნები ყვითელი ცირკულარის სიაში ჩასვა და რომელსაც მათი ამოღება შეეძლო კვიპროსის პოლიციაა.
„ახალი კვირაც“ კომენტარს სწორედ პოლიციისგან ითხოვდა. უწყებაში თავდაპირველად კომენტარზე დათანხმდნენ, თუმცა ჩაწერის დღეს უარი თქვეს. პირველი არხის ჟურნალისტს პოლიციის პრესსპიკერი წერილობით განცხადების გაგზავნას დაჰპირდა, თუმცა ამ დრომდე „ახალ კვირას“ განცხადება არ მიუღია.
რეპორტაჟის მომზადების დროს კი ქართველი ბავშვები მოულოდნელად მამასთან ერთად ინტერპოლის სიიდან ამოიღეს.
პირველ არხს კვიპროსიდან დაუდასტურეს, რომ ინტერპოლიდან ამოღება ისევ კვიპროსის მოთხოვნით მოხდა. ასევე ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ კვიპროსის პოლიციამ ზურაბ მუხულიშვილის წინაღმდეგ საქმეც დახურა.
მას უკვე თავისუფლად შეუძლია გადაკვეთოს არა მხოლოდ საქართველოს საზღვარი, არამედ კვიპროსშიც თავისუფლად ჩავიდეს. მუხულიშვილის მიერ დასახელებული მიზეზი რის გამოც მას ინტერპოლის ყვითელ ცირკულარში ჩასმული შვილები დედასთან მოსანახულებლად არ მიჰყავდა დღეს აღარ არსებობს. მამას უკვე თავისუფლად შეუძლია ბავშვები კვიპროსში თავადაც წაიყვანოს. კვიპროსის პოლიციისგან მიღებული ინფორმაციით მას კუნძულზე პრობლემები არ შეექმნება. კვიპროსის პოლიციაში ამბობენ, რომ დაპირებულ წერილობით განცხადებას შესაბამისი განმარტებებით პირველ არხს უახლოეს დღეებში გამოუგზავნიან.