აკაკი ზოიძე - ზედა ზღვარის დაწესებამ მედიკამენტებზე ფასების 30-40%-იანი შემცირება უნდა გამოიწვიოს
ფასზე ზედა ზღვარის დაწესებამ მედიკამენტებზე ფასების 30-40%-იანი შემცირება უნდა გამოიწვიოს, – ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა, აკაკი ზოიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა რისკებს შეიცავს რეფორმა ფარმაცევტული კომპანიებისთვის, მოქალაქეებისთვის და მაგალითად, ხომ არ შეიქმნება ბაზარზე მედიკამენტების გარკვეული სიმცირე, აკაკი ზოიძემ განაცხადა, რომ რისკები არის იმის პირდაპირპროპორციული, თუ რამდენ პოზიციაზე შემოვა რეფერენტული ფასები.
„რაც უფრო ნაკლებ პოზიციაზე შემოიტანენ, მით უფრო მაღალი იქნება რისკი, რომ ეს მედიკამენტები შესაძლოა, ფიზიკურად აღარ შემოიტანონ და საქართველოს ბაზარი საერთოდ არ იყოს საინტერესო დიდი მწარმოებლებისთვის. ჩვენ, კი, რაღაც გარკვეული რაოდენობის მედიკამენტებს ვაწარმოებთ, მაგრამ საკუთარი წარმოება არ გვაქვს და სამამულო წარმოების მედიკამენტებით ვერ ჩავანაცვლებთ მსოფლიო ფარმაცევტული გიგანტების წარმოებულ პრეპარატებს. მე რომ პარლამენტში ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გახლდით, მაშინ ჩატარდა მოკვლევა და მაშინ დაიდო ეს რეკომენდაციები, რომ რეფერენტული ფასები შემოგვეღო. ოღონდ, გაგვეკეთებინა ისე, რომ პარალელურად მომხდარიყო სუბსიდირების პროგრამის გაფართოება. ჩვენ ეს რეკომენდაცია გავეცით და მას შემდეგ სამი წელიწადია, იხილავდნენ. საბოლოო ჯამში, დადგა პოლიტიკური ნება, რომ ეს ყველაფერი გაკეთებულიყო“, – განაცხადა ზოიძემ.
მისი თქმით, რისკი, რომ ფარმაცევტული კომპანიების ნაწილმა შესაძლოა, უარი თქვას ქვეყანაში ოპერირებაზე, დადგა და რეალიზდა აზერბაიჯანისა და მოლდოვას შემთხვევაში, როდესაც ყველა პოზიციაზე, 14 000 მედიკამენტზე მოახდინეს ფასების რეფერენტულად დაცემა.
„ამან გამოიწვია ის, რომ ფიზიკური დეფიციტი გაჩნდა ძალიან დიდი რაოდენობით პოზიციებზე და მედიკამენტებზე. მაგალითად, ბრაზილიას და ტაილანდს აქვთ ძალიან მძლავრი სახელმწიფო სუბსიდირების კომპონენტი, რომლითაც სოციალურად დაუცველებისთვის აფინანსებენ ამავე მედიკამენტების შესყიდვას. წარმოიდგინეთ, თუ სახელმწიფო გარანტირებულად ასუბსიდირებს, ანუ ყიდულობს ერთი მილიონი მოქალაქისთვის ამა თუ იმ ქრონიკულ მედიკამენტს, მაშინ დანარჩენი ერთი მილიონისთვის 30-40%-იანი ფასდაკლების გაწევა იმ ფარმაცევტული კომპანიებისთვის იმდენი პრობლემა არ არის და ამ შემთხვევაში, მედიკამენტების ფიზიკური დეფიციტის საფრთხე ნაკლებია“, – განაცხადა ზოიძემ.
როგორც აკაკი ზოიძემ აღნიშნა, საჭიროა, მედიკამენტების ჩამონათვალი გაფართოვდეს და სოციალურად დაუცველებს პრაქტიკულად, უფასოდ, სიმბოლურ ფასად მიეცეთ ეს მედიკამენტები, დანარჩენი მოქალაქეებისთვის კი, ვისაც ასევე აქვთ ქრონიკული დაავადებები, რეფერენტული ფასები ძალიან დიდი შეღავათი იქნება.
„ეს იქნება უზარმაზარი დანაზოგი და შეღავათი ამ ადამიანებისთვის“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.
მისივე თქმით, რეფენეტული ფასების შემოღება არ შეიძლება ყველა მედიკამენტზე, რადგან ჩვენნაირი პატარა ბაზარი საინტერესო აღარ იქნება ფარმაცევტული კომპანიებისთვის.