აკაკი ზოიძე - ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ძალიან ნორმალურია, უნდა გავითვალისწინოთ
ვერ გავიზიარებ ოპოზიციის პათოსს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნაში ძალიან მწვავე კრიტიკაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დეპუტატმა, აკაკი ზოიძემ მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნაზე განაცხადა.
მისი შეფასებით, დასკვნა ძალიან საქმიანია.
„ძალიან ნორმალური დასკვნაა. ვერც იმ პათოსს გავიზიარებ, რაც ოპოზიციას აქვს, თითქოს, მწვავე კრიტიკაა. ძალიან საქმიანი დასკვნაა იმაზე, სამართლის წამყვანი ექსპერტები რას თვლიან საჭიროდ, რათა გამჭვირვალობა და საჯაროობა მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იყოს, მაქსიმალური პირობები შეიქმნას იმისთვის, რომ უზენაეს სასამართლოში კეთილსინდისიერი და მაღალპროფესიონალი მოსამართლეები ავირჩიოთ. ძალიან ნორმალური რეკომენდაციებია. თუ ყველას არა, აბსოლუტურ უმრავლესობას გავითვალისწინებთ, ჩემი აზრით უნდა გავითვალისწინოთ“, – განაცხადა დეპუტატმა.
აკაკი ზოიძის შეფასებით, აღნიშნული რეკომენდაციებზე უმრავლესობის სხდომაზე იმსჯელებენ და საბოლოო პოზიცია ჩამოყალიბდება.
„უმრავლესობის სხდომა უახლოეს პერიოდში იქნება, რადგან „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით ამ სესიაზე უნდა განვიხილოთ“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.
ვენეციის კომისიამ მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით რეკომენდაციები გუშინ გამოაქვეყნა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებას არ გამორიცხავს. ამასთან, მისი თქმით, რეკომენდაცია, რომ ამ მოწვევის პარლამენტმა არ შეავსოს უზენაეს სასამართლოში კვოტები, პოლიტიკურია და ორგანულ კანონში ვერ აისახება.
კობახიძის განცხადებით, შესაძლებელია ვენეციის კომისიის იმ რეკომენდაციის გათვალისწინება, რომელიც მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებიდან გამოცდის ამოღებას შეეხება.