აკაკი ზოიძე - თბილი, მზიანი ამინდი სავარაუდოდ ხელს შეუწყობს, რომ კორონავირუსის შემთხვევები შემცირდეს
აუცილებლად იქნება არა მხოლოდ იმპორტირებული შემთხვევები, როგორიც ეს ორი შემთხვევაა, არამედ ადგილზე გადადების შემთხვევები და ამ შემთხვევების ძალიან მაღალი ტემპით გამრავლება, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„პირდაპირ ვიტყვი, ეს უკვე მოხდა ყველაზე ძლიერ ქვეყნებში და ჩვენ გამონაკლისი არ ვართ. რა თქმა უნდა, ჩვენ რაც შეიძლება, გადავწევთ, რომ ეს გვიან მოხდეს. ეს უკვე შევძელით და გაზაფხულისკენ, უფრო დათბობისკენ გადავწიეთ, რაც ძალიან კეთილსაიმედოა. გასაგებია, რომ ეს ახალი ვირუსია და ჯერ არ ვიცით, თბილი სეზონი მას მოკლავს და გადადების დონე დაიკლებს თუ არა, მაგრამ წინასწარი მონაცემებით და სხვა ეპიდაფეთქებების გამოცდილებით შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ თბილი, მზიანი ამინდი ამას ხელს შეუწყობს, რომ შემთხვევების რაოდენობა შემცირდეს“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.
მისი თქმით, საქართველო შეკავებიდან შენელების სტადიაში გადავიდა.
„რეალურად, ჩვენ შენელების სტადიაში ვართ, რომ გავრცელება მაქსიმალურად შენელდეს. საწოლების, რესპირატორებისა და ა.შ პიკური სიმძლავრეები შესაძლოა, რაც შეიძლება გვიან დაგვჭირდეს, თუ საერთოდ დაგვჭირდა, რადგან თუ სეზონს გადავაცილეთ, შეიძლება, აღარც დაგვჭირდეს. აი, ამ პერიოდში ვართ“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.
როგორც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ აღნიშნა, დღეს პირადად მისთვის შეშფოთების საგანი ის ეკონომიკური შედეგებია, რაც შეიძლება ამ ყველაფერს მოჰყვეს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ გლობალურად.
„ტრილიონ ორასი მილიარდი ზარალი უკვე მარტო საფონდო ბირჟებმა განიცადეს. ჩინეთი გაჩერებულია, რაც ჯაჭვურად გადაედება მთელ მსოფლიოს. ასევე, პრობლემა გახლავთ ტრანსპორტირების, გადაზიდვების შეზღუდვები, რაც ჩვენს ქვეყანას ასევე პირდაპირ ურტყამს. ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარის გამყარების ასეთი კარგი, იმედისმომცემი ტენდენცია იყო და ამ ყველაფერმა შეიძლება, ამას დაარტყას. ეს ნაწილი გაცილებით სახიფათოა ჩვენი ქვეყნისთვის, რაც შეიძლება არაკონტროლირებადმა პანიკამ გააღრმავოს“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.
აკაკი ზოიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელს მადლობა გადაუხადა ამ საკითხთან დაკავშირებით გადაცემისთვის და აღნიშნა, რომ ასეთი გადაცემები ძალიან მნიშვნელოვანია, რათა საზოგადოებას სწორი ინფორმაცია მიეწოდოს.