აკაკი ზოიძე - მივესალმები საპატრიარქოს პოზიციას, რომ ნარკომანიით დაავადებული ადამიანებისთვის სამკურნალო-სარეაბილიტაციო სერვისები უნდა განვითარდეს
საქართველოს ეკლესიას ძალიან დიდი როლი ჰქონდა იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფოს ნარკოდამოკიდებულებისთვის პროფესიული, სამკურნალო და სარეაბილიტაციო მომსახურება და სერვისები არ გააჩნდა. მათი რეაბილიტაცია ხშირ შემთხვევაში სწორედ ეკლესიის წიაღში ხორციელდებოდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძემ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
აკაკი ზოიძე მიესალმება საპატრიარქოს პოზიციას, რომ ქვეყანაში ნარკომანიით დაავადებული ადამიანებისთვის სამკურნალო-სარეაბილიტაციო სერვისები უნდა განვითარდეს.
„დღეს იმ პირობებში, სახელმწიფოს შეუძლია და პარლამენტში კონკრეტული პაკეტია წარდგენილი, სადაც მსჯელობა სწორედ დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით მიმდინარეობს. მე საპატრიარქოს პოზიციას აქაც მივესალმები, რომ ქვეყანაში სამკურნალო-სარეაბილიტაციო სერვისები უნდა განვითარდეს. უნდა იყოს საგანმანათლებლო, მასობრივი სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდის პროგრამები, რომელიც ჩვენი ნარკოპოლიტიკის რეფორმის კონცეფციის ერთ-ერთი უმთავრესი შემადგენელი ნაწილია. ის, რომ ბრძოლა გამსაღებლებთან უნდა გამკაცრდეს, ესეც ჩვენი ნარკორეფორმის შემადგენელი ნაწილია. ასევე საპატრიარქოს პოზიციაა, რომ ნარკომომხმარებელი მხოლოდ მოხმარებისთვის ციხეში არ უნდა იჯდეს. ამიტომ ამ კუთხით აბსოლუტური თანხვედრაა“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის განცხადებით, ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების დროს გარდაცვლილი ადამიანებისთვის ეკლესიური წესის აგება მართლმადიდებელი ეკლესიისა და წმინდა სინოდის გადასაწყვეტია.
„ერთადერთი, რაზეც კომენტარს არ გავაკეთებ ისაა, რომ ახლა სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც ეკლესია და სახელმწიფო ჩვენს ქვეყანაში გაყოფილია. იმის თაობაზე, თუ ეკლესიურ წესს მართლმადიდებლური ეკლესია როგორ და რა პრინციპით აუგებს ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების დროს გარდაცვლილ ადამიანებს, ეს მართლმადიდებელი ეკლესიისა და წმინდა სინოდის გადასაწყვეტია“, – განაცხადა ზოიძემ.
მისივე თქმით, მარიხუანას ლეგალიზების წინააღმდეგია.
„რაც შეეხება მარიხუანას მიმართ და საკონსტიტუციო სასამართლოსთან გამოთქმულ პოზიციას. მე დღევანდელ მოცემულობაში ლეგალიზაციის სასტიკი წინააღმდეგი ვარ. იმ პირობებში, როდესაც პრევენცია არ არსებობს, ახალგაზრდებსა და საზოგადოება სრულყოფილი ინფორმაცია არ მიეწოდება, რომ ყველა ნარკოტიკი ჯანმრთელობისთვის მავნებელია და ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკის მიღება სიცოცხლისთვის შეიძლება საშიში იყოს, ამ პირობებში ლეგალიზაცია დაუშვებელია. იმ პირობებში, რაც ორი წლის წინ პირველი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად შეიქმნა, მართლაც ხშირ შემთხვევაში ცოტა გაურკვევლობაა და საკანონმდებლო ვაკუუმია. მე ვემხრობი მკაცრ რეგულირებას, რომ არ შეიძლება 13-14 წლის ბავშვები მარიხუანას ეწეოდნენ და ეს უმკაცრესად არ ისჯებოდეს“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.
როგორც აკაკი ზოიძემ განაცხადა, დანარჩენ ნარკოტიკულ საშუალებებზე მისი და საპატრიარქოს პოზიციები პრაქტიკულად ერთმანეთს ემთხვევა.
„ჩვენ ნარკოპოლიტიკის შემუშავების პროცესში საზოგადოების ძალიან დიდი ჯგუფის, მათ შორის ეკლესიის შეხედულებებსა და დამოკიდებულებას გავითვალისწინებთ, რადგან ეს ისეთი საკითხია, რომელიც საზოგადოების ყველა ფენას ეხება. ჩვენ შეთავაზება გვაქვს, რომ იმ კომისიებში, რომლებიც შეიქმნება, თუ პარლამენტი მხარს დაუჭერს და უმრავლესობის ფორმატში საბოლოოდ შევჯერდებით, კონსულტაციები დაუყოვნებლივ გაგრძელდება მთავრობის ფორმირების შემდეგ, შევთანხმდებით გადამისამართებისა და ნარკოდამოკიდებულების კომისიებში გარდა იურისტებისა, ექიმებისა, სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგებისა, მონაწილეობა ეკლესიას შევთავაზეთ“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.
საქართველოს საპატრიარქომ გუშინ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გაავრცელა. წმინდა სინოდის წევრები მიიჩნევენ, რომ „კანაფის დამზადების ნებართვა ფაქტობრივად ნარკოვაჭრობის ლეგალიზებაა, რაც ქვეყანას უმძიმეს შედეგებს მოუტანს. ეკლესია არასოდეს უჭერდა მხარს ნარკომანიით დაავადებულთა მიმართ პატიმრობის შეფარდებას, მაგრამ მიგვაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ნარკოლიბერალიზაციასთან დაკავშირებით უკვე მიღებული გადაწყვეტილება დიდი საფრთხის შემცველია და სერიოზულ ბიძგს აძლევს ნარკოტიკების ფართოდ გავრცელებასა და მოხმარებას“, – ნათქვამია წმინდა სინოდის სხდომის ოქმში.