აკაკი ზოიძე - რჩება შთაბეჭდილება, რომ აქციაზე მოწოდებები კონკრეტული პოლიტიკური ძალის დღის წესრიგს ჰგავს
ოკუპაციის გაპროტესტებას ვუერთდები, მაგრამ როგორც მოსალოდნელი იყო, აქციის მონაწილეთა დანარჩენი ლოზუნგები ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნაში გადაიზარდა, რაც შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ კონკრეტული ოპოზიციური ფლანგის ლოზუნგებსა და გზავნილებს გამოხატავენ, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განუცხადა, რომელიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას გამოეხმაურა.
ზოიძის თქმით, საქართველოში გამოხატვის თავისუფლება არსებობს და მოქალაქეებს შეუძლიათ, პროტესტი მშვიდობიანი ფორმებით გამოხატონ.
„შთაბეჭდილება რჩება, რომ მოწოდებები კონკრეტული პოლიტიკური ძალის დღის წესრიგს ჰგავს. აქციაზე წარმოდგენილ ყველა ადამიანს არ ვგულისხმობ. ბევრი ადამიანია, ვინც თავის პოზიციას გამოხატავს, მაგრამ ცალმხრივად აპროტესტებენ ძალის გადამეტების შემთხვევებს, რასაც ძალადობრივი შეტევის მოგერიების დროს ადგილი ნამდვილად ჰქონდა, მაგრამ არ აპროტესტებენ იმ უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალების ქმედებებს, რომლებმაც ადამიანებს მოუწოდეს და პარლამენტის შტურმისკენ წაიყვანეს, რაც არის ცალმხრივობის გამოხატულება და იმის თქმის საფუძველი, რომ ეს შესაძლოა, გარკვეული პოლიტიკური ძალების დღის წესრიგი იყოს”, – განაცხადა დეპუტატმა, აკაკი ზოიძემ.
მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზებით რუსთაველის გამზირზე. პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს, რომელსაც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერებიც შეურთდნენ.