პარლამენტთან და პრეზიდენტის რეზიდენციასთან საპროტესტო აქციები იმართება
პარლამენტთან და პრეზიდენტის რეზიდენციასთან საპროტესტო აქციები იმართება

პარლამენტთან მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციას მსვლელობით შეუერთდნენ „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და  მათი მხარდამჭერები.

„ევროპული საქართველოს“ წევრის, ელენე ხოშტარიას თქმით, სამთვიანი უწყვეტი პროტესტი დღეს ფართომასშტაბიანი აქციით დასრულდება.

„დღეს აქცია არის ერთადერთის წინააღმდეგ და ეს არის ძალიან მარტივი გზავნილი; უნდა მოხდეს ქვეყანაში კონსოლიდაცია იმ ერთი მმართველის, არაფორმალური, არასამართლიანი მმართველის წინააღმდეგ, რომელმაც სრულიად დემოკრატიული სისტემის მიღმა ხელში ჩაიგდო ყველა ინსტიტუტი და რომელიც ერთის მხრივ, მიგვაქანებს რუსეთისკენ და მეორეს მხრივ, ამსხვრევს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიას. ამას სჭირდება კონსოლიდაცია და ბრძოლა, რომ არჩევნების გზით ბიძინა ივანიშვილი ჩამოვაშოროთ რეალურ ძალაუფლებას. დღეს სამი თვე გავიდა „გავრილოვის ღამის“ შემდეგ და ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ 20 ივნისი ის დღეა, როდესაც ჩვენივე სახელმწიფომ შეურაცხყოფა მოგვაყენა და ჩვენი ღირსება შელახა გავრილოვის პარლამენტში შეყვანით”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის განცხადებით კი, ხელისუფლებამ საზოგადოების ინტერესი არ გაითვალისწინა და პრემიერ-მინისტრად გიორგი გახარია დანიშნა.

„დღეს არის ამ სამთვიანი საპროტესტო მარათონის ფინალური აქცია. ვფიქრობ, ამ სამი თვის განმავლობაში ძალიან მკაფიოდ გამოჩნდა, რომ ხელისუფლებას არ შეუძლია დიალოგი. მისი ყოველი ნაბიჯი ანტინატოური მიმართულებით, ანტიამერიკული მიმართულებით არის. ინაშვილის გამოყენება, ამერიკელი მაღალი თანამდებობის და გავლენიანი პირების ლანძღვა, სახელისუფლებო არხების მეშვეობითაც, ადასტურებს იმას, რომ ივანიშვილს საკუთარი ხელისუფლების შესანარჩუნებლად პროდასავლურ ურთიერთობებს ურჩევნია დაათბოს ურთიერთობები რუსეთთან. გავრილოვის აქ ჩამოყვანა, გახარიას პრემიერად დანიშვნა და ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრად დანიშვნა პრინციპში ნიშნავს იმას, რომ მას არ აქვს ამომრჩევლის იმედი, მას უნდა რეპრესიის და პროპაგანდის ინსტიტუციებით ხელისუფლების შენარჩუნება. ვფიქრობ, არ გამოუვა”,- განაცხადა ბერძენიშვილმა.

აქციის გამო პარლამენტთან გზა გადაიკეტა.

ამასთან, საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციის პარალელურად „ნაციონალური მოძრაობა“ აქციას მართავს პრეზიდენტის რეზიდენციასთან. აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს: ზურაბ მელიქიშვილმა, გიორგი ბარამიძემ და ზაალ უდუმაშილმა.

„საქართველოს დღევანდელი პრეზიდენტი საშიშია სახელმწიფოსთვის. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სავარაუდოდ გამეფებულია კორუფცია. ბიძინა ივანიშვილის დავალებით სალომე ზურაბიშვილმა მწვანე შუქი აუნთო კრიმინალებს. დღეს ხელისუფლება დგას სამ სვეტზე – ეს არის ძალოვნები უწყებები, კრიმინალი და დამონებული სასამართლო“,-აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.