რა პარანოიდულ ლოგიკაში უნდა ჯდებოდეს, რომ დღეს ხელისუფლებას, როცა ადამიანები აპროტესტებენ ერთის მხრივ, რუსეთის აგრესიას, ამ ტიპის აქცია ჰქონდეს დაგეგმილი, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, აკაკი ზოიძემ „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადება ტელევიზიაში შესაძლო ძალადობასთან დაკავშირებით.
როგორც აკაკი ზოიძემ აღნიშნა, ნიკა გვარამიას განცხადება არის სცენარის ნაწილი, რომ ადამიანებში გარკვეული მუხტი შენარჩუნდეს.
„ეს არის სცენარის ნაწილი, რომ ადამიანებში გარკვეული აღშფოთება და მუხტი, რომელიც არის სამართლიანი იმის გამო, რაც მოხდა ბოლო პერიოდში, მისი მინელება არ მოხდეს. არაგადამწყვეტი ფორმით კეთდება ეს განცხადება, რომ შემდეგ არ გამოვიჭიროთ ტყუილში. მედია ადარდებს საზოგადოებას, ადარდებს მედიის თავისუფლება და იცის, რომ ეს სენსიტიური თემაა. ხელისუფლების დამხობის სცენარი არ გამოუვიდათ და ახლა ცდილობენ, მაქსიმალურად პროტესტის შენარჩუნებას. მთავარი ის არის, რომ გვარამია მანიპულირებს ადამიანების ემოციებით, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ დაირაზმოს მოსახლეობა “, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.
ნიკა გვარამიამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ სახელისუფლო წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ მიმდინარეობს გადაწყვეტილების მიღება „რუსთავი 2“-ის ძალადობრივი აღების შესახებ.