აკაკი ზოიძე - ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა რომ არ არის გამოცხადებული, არ ნიშნავს, რომ მთავრობა და შესაბამისი სტრუქტურები აქამდე საგანგებო რეჟიმში არ მუშაობდა
პანდემიის მართვისთვის ქვეყანა მზად არის იმდენად, რამდენადაც შეიძლება იყოს მზად მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების სისტემები. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა რომ არ არის გამოცხადებული, არ ნიშნავს, რომ მთავრობა და შესაბამისი სტრუქტურები აქამდე საგანგებო რეჟიმში არ მუშაობდა და მართვის კოორდინაციის მექანიზმები არ იყო შემქნილი, – ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა აკაკი ზოიძემ დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.
გადაცემაში კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების შესაძლო შედეგები და საქართველოს კრიზისული სიტუაციის მართვის უნარი განიხილეს.
ზოიძის მოსაზრებით, საქართველო პირველ ეტაპზე საკმაოდ ეფექტურად გაუმკლავდა ვირუსით გამოწვეულ სირთულეებს.
„მზად ვართ იმდენად, რამდენადაც შეიძლება მზად იყოს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების სისტემები. ის დრო, რაც ჩვენ მოვიგეთ იმით, რომ საკმაოდ ეფექტიანად შევძელით პირველ ეტაპზე ვირუსის აფეთქების შეკავება და შენელება, ის რომ ჩვენ ქვეყანაში ინფექცია აფეთქების სახით არ გავრცელებულიყო, როგორც მოხდა ირანში, იტალიაში, სამხრეთ კორეასა და თვითონ ჩინეთში სხვადასხვა მიზეზების გამო. შევძელით ის, რომ ეფექტიანი მუშაობით ჯერ შევაკავეთ აფეთქების საფრთხე, ხაზს ვუსვამ ჯერჯერობით და იმედი მაქვს ეს რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდება. ამან საშუალება მოგვცა, რომ მოვმზადებულიყავით იმ პანდემიური მზადყოფნის გეგმების მიხედვით, რაც ამ ქვეყანაში არსებობდა და არაერთხელ ამოქმედებულა როგორც კი მსგავსი საფრთხე გამოჩნდებოდა ხოლმე ჰორიზონტზე. იმიტომ რომ ჩვენ ვართ საერთაშორისო ჯანდაცვის რეგულაციების წევრი, საკმაოდ ეფექტურად ვთანამშრომლობთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ამ მიმართულებით, მათ შორის დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ჯანდაცვის სამინისტრო, ყველა შესაბამისი უწყება, იქნება ეს საბაჟო, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სხვები. ამ შემთხვევაში პირდაპირ ვთქვათ ყველაზე კარგად შედეგები მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად მზად ვართ და ვიქნებით. ჩვენ ყველა დავინახავთ იმასაც, რამდენად ეფექტიანი იქნება ის ზომები, რაც უკვე მიღებულია საგანგებო სიტუაციათა შტაბების მიერ. ის რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებული არ არის, არ ნიშნავს, რომ მთავრობა და შესაბამისი სტრუქტურები საგანგებო რეჟიმში არ მუშაობდნენ და შესაბამისსი შტაბები და მართვის კოორდინაციის მექანიზმები არ იყო შექმნილი“, – განაცხადა ზოიძემ.
მისი განმარტებით, გამომდინარე იქიდან რომ თავის დროზე იგი გახლდათ პანდემიური გეგმის შექმნის თანაავტორი, რომლის შემუშავებაშიც ქართულ მხარეს აშშ დაეხმარა, იგი ფლობს ინფორმაციას, რომ უსაფრთხოების სისტემაში ამერიკული მხარის მიერ გაწვრთნილი სპეციალისტები მუშაობენ და ქვეყნის კრიზისთან მართვას უზრუნველყოფენ.
„თავის დროზე მე ჩვენ პარტნიორებთან თანამშრომლობით შემუშავებული პანდემიური მზადყოფნის გეგმის თანაავტორი გახლდით. აშშ დაგვეხმარა არა მხოლოდ ლუგარის ლაბორატორიის დაარსებასა და აღჭურვაში, შემდეგ მისი გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფაში. მინდა ჩვენს მოქალქეებს ვუთხრა, რომ ამ ლაბორატორიას მთლიანად აშშ კი არ აფინანსებს, როგორ ეს ჰგონიათ, არამედ ჩვენი ბიუჯეტს აქვს მთლიანად აღებული ვალდებულება მისი ფუნქციონირება დააფინანსოს, უბრალოდ სხვადსხვა პარტნიორები გვეხმარებიან. აშშ მხოლოდ ამაში კი არ დაგვეხმარა, ასევე ადამიანური რესურსების გაწვრთნაში, რომლებიც სისტემაში დღემდე მუშაობენ არა მხოლოდ ჯანდაცვის, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტროს, შესაბამისი უსაფრთხოების სისტემაში და ეს ადამიანები აკეთებენ იმ სამუშაოს, რომელიც შეიძლება ყოველდღიურად მედიაში არ ჩანდეს, მაგრამ დიდი კონკრეტული შედეგები მოაქვს“, – განაცხადა ზოიძემ.
ჯანდაცვის ექსპერტი თვლის, რომ დღემდე არსებული კრიზისის მართვა მაღალ შეფასებას იმსახურებს.
„მზადყოფნა დღეს კონკრეტულ ციფრებში გამოიხატა. რამდენი საწოლის შესაძლებლობა გვაქვს იმ შემთხვევაში, თუ მოხდა ტალღისებური აფეთქება ან გავრცელება და ერთბაშად გაორმაგდა, გასამმაგდა ან გაოთხმაგდა შემთხვევები. ამ პერიოდის განმავლობაში უკვე ვიცით, რომ 100 პროცენტიდან დაახლოებით 6 პროცენტი შეიძლება იყოს მძიმე შემთხვევა ხანდაზმულებში და ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებში და იმ 6 პროცენტისთვის კონკრეტული ციფრი ვიცით, რომ 1993 გამართული სასუნთქი აპარატი გვაქვს და აქედან სულ მცირე ორი-მესამედი მაშინვე იქნება ხელმისაწვდომი, როგორც კი ეს დასჭირდება დაავადებულ ადამიანებს. ვიცით, რომ არის შესაბამისი იზოლირებული შენობები, მათ შორის საველე ტიპის ჰოსპიტლები, რომლებიც შესაძლებელია ამ შემთხვევაში გამოვიყენოთ. მე აღარ ჩამოვთვლი. ამ სიმძლავრეების ამოქმედება მოხდება ეტაპობრივად. აქამდე მე დავუწერდი ათიანს მინუსით და მომავალში რა იქნება, ეს რამდენად დაგვჭირდება, ვნახავთ. ჩვენი ამოცანაა დღეს ეს არ დაგვჭირდეს“, – განუცხადა აკაკი ზოიძემ „ბიზნესპარტნიორს“.