აკაკი ზოიძე - „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრობა ჩემი თვითმიზანი არ ყოფილა
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრობა ჩემი თვითმიზანი არ ყოფილა, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„პოლიტსაბჭოს წევრობა საჭიროა იმდენად, რომ პარტიის პოლიტიკური სტრატეგიული კურსის განსაზღვრაში მიიღო მონაწილეობა. პოლიტსაბჭოს წევრი მე მანამდე ვიყავი, სანამ პარლამენტში ამირჩევდნენ. პარლამენტში საკმაოდ მაღალი თანამდებობა მაქვს იმისთვის, რომ სტრატეგიული კურსის განსაზღვრა იმ სფეროში შევძლო, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ზოიძემ.
მისი თქმით, პოლიტსაბჭო პარტიის თავმჯდომარეზე მორგებული ინსტრუმენტი და სამართავი რგოლია, რითაც ის პარტიის წინაშე მდგარი სტრატეგიული მიზნების შესრულებას, სტრუქტურების ჩამოყალიბებასა და პარტიის გაძლიერებას შეძლებს, რათა „ქართული ოცნება“ საბოლოო ჯამში, 2020 და 2024 წლის არჩევნებისთვის ევროპულ პარტიად ჩამოყალიბდეს.
„შევთანხმდით პრინციპზე, რომ კომიტეტების თავმჯდომარეები პოლიტსაბჭოში არ ყოფილიყვნენ. ამის ძირითადი არსი ის იყო, რომ პოლიტსაბჭოს წევრთა რაოდენობა შემცირებულიყო, კომიტეტის თავმჯდომარეებს კი სხვა მიმართულებებით ემუშავათ და კონცენტრირება პარლამენტში გაეკეთებინათ“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პარტიის პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა დაასახელა. როგორც კალაძემ განაცხადა, პოლიტსაბჭოში 15 წევრი იქნება.
ამასთან, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს ახალ შემადგენლობაში საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატი აღარ იქნება.
ახალ პოლიტსაბჭოს 11 მაისს, პარტიის ყრილობაზე დაამტკიცებენ. ასევე, ყრილობაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილს აირჩევენ.