აკაკი ზოიძე - „ომიკრონის“ გადაცემის ხარისხი დაახლოებით, „წითელას“ მსგავსია რეპროდუქციის მაჩვენებლით და შესაბამისად, ამ შტამისგან დაცვა პრაქტიკულად შეუძლებელია
აკაკი ზოიძე - „ომიკრონის“ გადაცემის ხარისხი დაახლოებით, „წითელას“ მსგავსია რეპროდუქციის მაჩვენებლით და შესაბამისად, ამ შტამისგან დაცვა პრაქტიკულად შეუძლებელია

ტყუილია ის, რომ ორი დოზა, მით უმეტეს, ახალი გაკეთებული არ იცავს, – ამის შესახებ ექსპერტმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში, აკაკი ზოიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„ორი დოზის მერე, პირველი სამი თვის განმავლობაში იმუნიტეტი საკმაოდ მაღალია“, – განაცხადა ზოიძემ.

მისი თქმით, 50 წელს გადაცილებული მოქალაქეების აცრა სასიცოცხლოდ აუცილებელია.

„ეს არ არის გადატანითი მნიშვნელობით თითოეული მოქალაქისთვის, რომელიც არის 50 წელს ზემოთ. მათ რაც შეიძლება, სწარაფად უნდა გაიკეთონ ვაქცინაცია, რათა „ომიკრონისქვევარიანტის მეორე ტალღას, რომელიც დანიასა და ინგლისში შეინიშნება, მომზადებული შეხვდნენ და ბუსტერი თუ არა, მეორე დოზა მაინც ჰქონდეთ გაკეთებული“, – განაცხადა ზოიძემ.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, რატომ მივედით მასობრივ, უკონტროლო გავრცელებამდე და შეიძლებოდა თუ არა გარკვეული ზომების მიღება, რაც ეპიდვითარების ასე დრამატულად დამძიმებას თავიდან აგვაცილებდა, აკაკი ზოიძემ განაცხადა, რომ ეს „ომიკრონის“ შემთხვევაში ნამდვილად გაჭირდებოდა, რადგან რეალურად, ვერავინ შეძლო, წინ აღდგომოდა „ომიკრონის“ ტალღას.

ომიკრონის“ გადაცემის ხარისხი დაახლოებით, წითელას მსგავსია რეპროდუქციის მაჩვენებლით და შესაბამისად, ამ შტამისგან დაცვა პრაქტიკულად შეუძლებელია. რაც შეგვეძლო, გაგვეკეთებინა, არის ის, რომ ქვეყანა „ომიკრონის“ ტალღას ვაქცინაციის აქტიური კამპანიით შებრძოლებოდა და მოზრდილი მოსახლეობის 43%-ის ნაცვლად, რომელიც დღეს გვყავს აცრილი, 70-60% გვყოლოდა, რაც შარშანდელი გეგმა იყო“, – განაცხადა ზოიძემ.

როგორც ექსპერტმა აღნიშნა, არსებობდა მოლოდინი, რომ „ომიკრონის“ გავრცელება ასეთი დიდი მასშტაბის იქნებოდა, თუმცა რიცხვების თვლას პრაქტიკული დანიშნულება არ გააჩნია.

„ამ ციფრებზე ლაპარაკს უკვე, იმდენად არც აქვს მნიშვნელობა. შეიძლება, უბრალოდ, რეკორდები ვითვალოთ, მაგრამ ამას პრაქტიკული დანიშნულება ნამდვილად არ გააჩნია. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელი, რომელზე რეაგირებაც გვჭირდება, არის ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი, რამდენი ადამიანია ინტენსიურ თერაპიაში და რა თქმა უნდა, ყველაზე ტრაგიკული ციფრი არის ტრაგედიები, რომელიც სამწუხაროდ, გრძელდება და არ მცირდება. ყოველდღიურად 40-42 ადამიანის გარდაცვალება ამ ქვეყნისთვის ძალიან, ძალიან დიდი ციფრია. აი, ამაზე უნდა გავაკეთოთ რეაგირება და ამის მიხედვით უნდა ვიმოქმედოთ“, – განაცხადა ზოიძემ.

მისივე თქმით, „ომიკრონის“ პიკს შედარებით მოკლე ხანგრძლივობა ახასიათებს და წესით, ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი ერთი თვის თავზე უნდა შემცირდეს, თუმცა, იმ პირობებში, როცა მოქალაქეების 2/3 აუცრელია, რთულია წინასწარმეტყველება, რომ ინფიცირების ძალიან დიდ მაჩვენებლებს იგივე ხანგრძლივობა ექნება, როგორიც სხვა ქვეყნებშია.

თამთა სანიკიძის კითხვაზე, დაასრულებს თუ არა „ომიკრონიკოვიდპანდემიას, ზოიძემ აღნიშნა, რომ ის კოვდპანდემიას დაასრულებს მხოლოდ აცრილი ადამიანებისთვის და აცრილი ქვეყნებისთვის, აუცრელებისთვის კი გაგრძელდება პანდემიური მოლოდინები, მძიმე შეზღუდვები და ისინი გააგრძელებენ პანდემიასთან რუსული „რულეტკის“ თამაშს.

„ტალღები გაგრძელდება, ვიდრე მსოფლიოს უფრო მეტი ნაწილი, 70-80% არ იქნება აცრილი. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, კორონავირუსი ენდემურ გრიპად გადაიქცევა და წინა პანდემიების ლოგიკით ეს ეპიდემიაც აქეთკენ მიდის. „ომიკრონი“ მართლაც დასასრულის დასაწყისია, მაგრამ დასასრულის დასაწყისია იმ ქვეყნებისთვის, ვინც თავისი მოსახლეობის დიდი ნაწილის აცრას შეძლებს. თუ ჩვენ ავიცერით, პანდემია დასრულდება ზაფხულში. თუ ჩვენს ასაკოვან მოქალაქეებს 90-95%-ით ავცრით, ჩათვალეთ, ეს პრობლემა მოიხსნება, თუ რაღაც ალოგიკური არ მოხდა და ვირუსმა ისეთი მუტაცია არ განიცადა, რომელიც სწრაფ გადადებასთან ერთად, უფრო საშიშ მიმდინარეობას გულისხმობს. იმ ლოგიკებით, რაც წინა პანდემიის დროს იყო, წესით, ეს არ უნდა მოხდეს, თუმცა ამ მსოფლიოში გამორიცხული არაფერი არ არის, მაგრამ რეალურად, ჩვენ მივდივართ საიმედო დასასრულისკენ და ახლა დანებება, აუცრელობა არის ის, გამარჯვების წინ რომ კაპიტულაციას გამოაცხადებ, ან დაიღუპები. დაახლოებით, აი, ასეთი სიტუაცია შეიქმნება“, – განაცხადა ზოიძემ.

აკაკი ზოიძემ ასევე განაცხადა, რომ ვაქცინაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ეკონომიკური აღმავლობისთვის.

„ეკონომიკა არის მოლოდინები და თუ ქვეყანა არის 30%-ით ვაქცინირებული, იქ არავინ ფულს არ ჩადებს, მოლოდინები მუდმივად იქნება, როდის რა ჩამოიქცევა, როდის რამდენი ავადმყოფი გეყოლება და რამდენი დაგეღუპება პროდუქციულ ასაკში“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.