აკაკი ზოიძე ნიკა გვარამიას - შენ და უსინდისო მიშა ხართ სწორედ პასუხისმგებელი ამ ახალგაზრდების დათხრილ თვალებზე
აკაკი ზოიძე ნიკა გვარამიას - შენ და უსინდისო მიშა ხართ სწორედ პასუხისმგებელი ამ ახალგაზრდების დათხრილ თვალებზე

შენნაირ უსულო ადამიანს, ვერც წარმოუდგენია, რომ როგორც ექიმი, მართლა ორმაგად განვიცდი ამ ახალგაზრდების დაკარგულ თვალებს და ყოველ ჭრილობას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე „ფეიბუქის“ გვერდზე წერს, რითაც „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებას გამოეხმაურა.

„სპეციალურად მხოლოდ პირად გვერდზე ვწერ ამას. დანაშაულებრივი პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ პროპაგანდის მინისტრს ნიკა გვარამიას საერთოდ არ გავცემდი პასუხს მისთვის დამახასიათებელ ბინძურ საქციელზე ჩემი მისამართით, რომ არა თემა, რის გამოც უშვერი ლანძღვა-გინების კორიანტელი დააყენა ამ ყოვლად უღირსმა ადამიანმა: სწორედ შენ სინდისზეა შენი პატრონი მიშას ძალაუფლებისადმი დაუოკებელი ლტოლვისთვის 20 ივნისის ოკუპანტის წინააღმდეგ ალალი პროტესტით გულანთებული ახალგაზრდების შემართების გამოყენება, მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხის და დასახიჩრების ფასად. შენ და უსინდისო მიშა ხართ სწორედ პირველი დამნაშავეები და პასუხისმგებელი ამ ახალგაზრდების დათხრილ თვალებზე. მელია უბრალო პროვოკატორი და შემსრულებელია, რომელიც მსხვერპლად შეწირეთ. კარგად ჩანდა იქ ვინ გეგმავდა შტურმს პარლამენტზე, ვინ ითხოვდა კიდევ ერთხელ მსხვერპლს და გვამებს, გეტყობოდათ როგორი გაცოფებული იყავით ყველა, როდესაც ღმერთმა დაგვიფარა ჯერჯერობით და მსხვერპლი არ მოყვა თქვენს ამ პროვოკაციას. მხოლოდ შენნაირი ადამიანების ავადმყოფურ ფანტაზიას შეუძლია წარმოიდგინოს, რომ არათუ მე, – არამედ ვინმე ამ მიწაზე დაბადებული, – ამ ქვეყნის შვილების პატრიოტულ შემართებას შეიძლება მაიმუნობად აღიქვამდეს. მეტიც, შენნაირ უსულო ადამიანს, ვერც წარმოუდგენია, რომ როგორც ექიმი, მართლა ორმაგად განვიცდი ამ ახალგაზრდების დაკარგულ თვალებს და ყოველ ჭრილობას“, – წერს აკაკი ზოიძე.

ნიკა გვარამიამ აკაკი ზოიძე გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ „აკაკი ზოიძე ბავშვების თვალების დათხრას აპრავებს“.