აკაკი ზოიძე - ნარკოტიკების მოხმარების შემცირების ერთადერთი გზა პრევენცია და მკურნალობაა
აკაკი ზოიძე - ნარკოტიკების მოხმარების შემცირების ერთადერთი გზა პრევენცია და მკურნალობაა

ნარკოტიკების მოხმარების შემცირების ერთადერთი გზა პრევენცია და მკურნალობაა“, – განაცხადა ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას.

„გამოცდილებამ აჩვენა, რომ თუ სასჯელის მეტი სიმკაცრე ნაკლებ მომხმარებელს არ უდრის, სასჯელის ნაკლები სიმკაცრე მეტ მომხმარებელს არ უდრის“, – განაცხადა ზოიძემ.

გადაცემის წამყვანმა სტუმარს კოფი ანანის ცნობილი განცხადება შეახსენა, სადაც ის ამბობს, რომ აკრძალვამ მნიშვნელოვნად ნარკოტიკების ვერც მოთხოვნა, ვერც მიწოდება, ვერც მოხმარება ვერ შეამცირა და კაცობრიობა ნარკოტიკებთან ბრძოლაში დამარცხდა.

ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ნარკოლიბერალიზაციის არსი ახლა მხოლოდ ზიანის შემცირებაში მდგომარეობს, აკაკი ზოიძემ განაცხადა, რომ კაცობრიობა რეპრესიული მეთოდებით წარმოებულ ომში დამარცხდა და ამის შემდეგ მიდგომა შეიცვალა. 

„მართალია, კოფი ანანმა ბრძანა, რომ კაცობრიობა ნარკოტიკებთან ომში დამარცხდა, მაგრამ ეს ომი პირდაპირი მნიშვნელობით, ზოგ შემთხვევაში, ტანკებით, სამხრეთ ამერიკის შემთხვევაში კი თვითმფრინავებით წარმოებდა. კაცობრიობა ამ რეპრესიული მეთოდებით წარმოებულ ომში დამარცხდა და საუბარი იმაზე იყო, რომ მიდგომა რადიკალურად შეცვლილიყო. ამის შემდეგ, მთელ რიგ ქვეყნებში დაწყებულ მოძრაობას საფუძვლად სწორედ ეს მიდგომა დაედო“, – განაცხადა ზოიძემ.

მისი თქმით, 1990 წლის გაერო–ს ბოლო სამიტზე პირდაპირ ინსტრუქციულ–იმპერატიული ტონით იყო მოთხოვნილი, ნარკოტიკებთან ბრძოლაში ყველა ქვეყანაში მხოლოდდამხოლოდ უმკაცრესი სადამსჯელო ღონისძიებები გატარებულიყო, რაც მართლაც ყველა ქვეყანამ აიტაცა და ძალიან დიდი იმედები გაჩნდა, რომ 2008 წლისთვის მსოფლიო ნარკოტიკებისგან თავისუფალი იქნებოდა, მაგრამ რეალურად, სხვა შედეგი დადგა.

„2003 წელს მსოფლიო მოსახლეობის 4,2% ნარკოტიკს წელიწადში ერთხელ მაინც მოიხმარდა, 2014 წელს კი, ეს რიცხვი 33%–ით გაიზარდა“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.