აკაკი ზოიძე - მყარი გარანტიები თუ იქნება, რომ რესპუბლიკურის პროექტი განხორციელდება ისე, როგორც წარმოდგენილია, მაშინ ეს არის ძალიან მისასალმებელი და სასიკეთო საქმე
ჩანაფიქრი აბსოლუტურად სწორია იმისთვის, რომ ამ ძალიან დიდი ტრადიციების მქონე დაწესებულების მომავალი განვითარება მივიღოთ, – ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა, აკაკი ზოიძემ თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს კონცეფციის პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა.
ზოიძემ სამედიცინო პერსონალთან თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეთანხმება რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მოხდეს.
„უპირველესად, კოლექტივის ინტერესებია ძალიან მნიშვნელოვანი. შეთანხმება უნდა მოხდეს სწორედ იმ გუნდთან, რომელიც წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა. მათ უნდა მიეცეთ ყველა შესაძლებლობა იმისათვის, რათა ვინ გადამზადდება და დასაქმდება, ჰქონდეს მყარი გარანტიები; და მეორე – ვინც ასაკის გამო ვერ შეძლებს, უფრო სხვა ტიპის კომპენსაცია უნდა იყოს შეთავაზებული.
ვფიქრობ, ჩანაფიქრი აბსოლუტურად სწორია იმისათვის, რათა ამ ძალიან დიდი ტრადიციების მქონე დაწესებულების მომავალი განვითარება მივიღოთ, ვინაიდან არსებული შენობის გადაიარაღება ნაკლებ სავარაუდოა შესაძლებელი იყოს.
ბევრი გეგმა იყო ამ დაწესებულების განახლებასთან დაკავშირებით და მთავარი მომენტი, რაც, ჩემი აზრით, აქ არის, ეს ნდობაა. თუ მყარი გარანტიები იქნება მიცემული, რომ რეალურად, ეს პროექტი, როგორც წარმოდგენილი იქნა, ისე განხორციელდება, მაშინ ალბათ ეს არის ძალიან მისასალმებელი და სასიკეთო საქმე“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.
შეგახსენებთ, პრეზენტაციაზე სამედიცინო პერსონალთან თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს. აღინიშნა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები სხვა სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმდებიან ან მშენებლობის განმავლობაში სახელფასო ანაზღაურებას მიიღებენ.