აკაკი ზოიძე - ლიბერალიზაცია დამხმარე მექანიზმია, რეალურად კი ნარკოპოლიტიკის ქვაკუთხედი პრევენცია და ახალგაზრდების განათლება გახდა
თავისი არსით, სასჯელის სიმკაცრე ნარკოტიკების მოხმარების მეტობა–ნაკლებობას არ განსაზღვრავს, მაგრამ ლიბერალური ნარკოპოლიტიკის, მკურნალობისა და პრევენციის შედეგად, ქვეყანაში ნაკლები პრობლემური ნარკომომხმარებელი გვეყოლება, – ამის შესახებ ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.
„საზოგადოება არ უნდა მოვატყუოთ, რომ თუ ნარკომომხმარებელს არ დავიჭერთ, ქვეყანაში ისინი აღარ გვეყოლება. ნარკომომხმარებელი იმიტომ აღარ გვეყოლება, რომ ახალგაზრდებს ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ ბავშვობიდან ავუხსნით. ვეტყვით, რომ ეს გზა უბედურებაა. სკოლაში ბავშვებს ყოფილ ნარკომომხმარებელს მივუყვანთ, რომელიც მათ მოუყვება, ნარკოტიკების მოხმარების შედეგად მისი ცხოვრება სადამდე მივიდა. როცა საზოგადოებაში პარადიგმა შეიცვლება, ახალგაზრდას ნარკომოხმარება ავადმყოფობად ჩაეთვლება და არა კარგ ტიპობად. კარგი ტიპი რომ გამოვიდეს, ყველას უნდა, მაგრამ ავადმყოფი რომ გამოვიდეს – არავის“, – განაცხადა ზოიძემ.
მისი თქმით, ზოგადად, ნარკოტიკების მოხმარება ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ახალი ტრანზიტული გზების გაჩენაზე, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების აღმოჩენასა და მთელ რიგ ფაქტორებზეა დამოკიდებული და არა რეპრესიულ მეთოდებზე.
ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ ჩიხშია შესული დისკურსი, რომ ალკოჰოლი, ან თამბაქო ნარკოტიკზე ნაკლებად, ან მეტად მავნებელია.
„ყველა ეს ნივთიერება ჯანმრთელობისთვის საზიანოა და ჯანსაღი ცხოვრების წესს ალტერნატივა არ აქვს. ლიბერალიზაცია დამხმარე მექანიზმია, თორემ რეალურად, ნარკოპოლიტიკის ქვაკუთხედი პრევენცია, ახალგაზრდების განათლება გახდა“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.