აკაკი ზოიძე - კომპანიებს უსაფრთხოების ნორმების დაუცველობა გაცილებით ძვირი უნდა დაუჯდეთ, ვიდრე დაცვა
იმედი მაქვს, შახტის დახურვით გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა დასრულდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, აკაკი ზოიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„სწორია გადაწყვეტილება, რომ გამოძიების დასრულებამდე სამუშაოები შეჩერდეს. ეს შახტები არ უნდა გაიღოს მანამდე, სანამ არ მოხდება უსაფრთხოების ნორმების დანერგვა, მაღალ სტანდარტებზე აყვანა და უბედური შემთხვევების ალბათობის მინიმუმამდე დაყვანა“, – განაცხადა ზოიძემ.
მისი თქმით, შსს სწრაფად და ეფექტიანად მოქმედებს და აპრილის თვეში თუ დღეს მომხდარი შემთხვევის გამოძიება სწრაფად უნდა დასრულდეს.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, დამდგარა თუ არა ამ დრომდე ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი, აკაკი ზოიძემ განაცხადა, რომ მეშახტეთა ოჯახებს ურჩევნიათ, შეთანხმებაზე წავიდნენ და კომპენსაცია აიღონ, ვიდრე ადამიანი ციხეში გაუშვან, მაგრამ მნიშვნელოვანია, სასამართლო პროცესები საჯარო იყოს და უნდა იყოს რამდენიმე შემთხვევა, როცა პასუხისმგებელი პირები სამაგალითოდ დაისჯებიან, რათა ამას პრევენციული ეფექტი ჰქონდეს.
„თუ ვინმეს პასუხისმგებლობა დადგინდება, ეს მხოლოდ მათ ჯიბეებს კი არ უნდა მოხვდეს, არამედ საფრთხე მათ თავისუფლებას უნდა დაემუქროს. ამ შემთხვევაში, უფრო დიდი იქნება მოტივაცია, ისეთი უსაფრთხოების სისტემები დააყენონ, რომელიც მხოლოდ ხალხის გადაადგილებას არ გააკონტროლებს“, – განაცხადა ზოიძემ.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, ვინ ამოწმებს კომპანიას, შეასრულა თუ არა მან ამა თუ იმ სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები და სად გვაქვს პრობლემა, აკაკი ზოიძემ აღნიშნა, რომ მთავარი კომპონენტი ისაა, ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დაცვა თვითონ კომპანიამ შეასრულოს და პასუხი აგოს, რადგან შეუძლებელია, შრომის ინსპექტორი და ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელი მუდმივად იქ იყოს.
„გამოსავალი იმაშია, სასამართლო პრაქტიკამ პრევენცია გააკეთოს და კომპანიებს ნორმების არდაცვა გაცილებით ძვირი დაუჯდეთ, ვიდრე დაცვა. ვერანაირი მონიტორინგი ვერაფერს გააწყობს, თუ კომპანიისთვის მომგებიანია, შრომის უსაფრთხოების ნორმები არ დაიცვას და მერე ჯარიმები, ან სხვა სანქციები გადაიხადოს. სასამართლო პრაქტიკა ისეთი უნდა იყოს, რომ შრომის უსაფრთხოების ნორმების დაუცველობისთვის კომპანიას მილიონიანი კომპენსაციების გადახდა და უმაღლეს მენეჯმენტს არამხოლოდ ადმინისტრაციული, არამედ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დააკისროს“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.