აკაკი ზოიძე - ძალიან ხშირად, პოლიტიკური რეიტინგები არჩევნების შედეგებს არ ემთხვევა
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ პოლიტიკური კვლევის შედეგები ძალიან ხშირად არჩევნების შედეგებს არ ემთხვევა.
როგორც ჟურნალისტებს ზოიძემ განუცხადა, პოლიტიკური კვლევების შედეგები შეიძლება, ასახავდეს გამოკითხვის დროისთვის ადამიანებში არსებულ განწყობებს.
„ზოგადად, პოლიტიკურ კვლევებს სკეპტიკურად ვუყურებ, რადგან დემოკრატიის ერთადერთი სწორი გზა არჩევნებია, როცა საბოლოოდ პოლიტიკური რეიტინგები განისაზღვრება. ძალიან ხშირად პოლიტიკური რეიტინგები არჩევნების შედეგებს არ ემთხვევა. კვლევებში საყურადღებო რეიტინგებიც არის ასახული, რაც ეხება საზოგადოების დამოკიდებულებას ინსტიტუტების მიმართ. ისე მოხდა, რომ საქართველოში პოლიტიკური რეიტინგები ამა თუ იმ მიზეზის გამო ამომრჩეველში არსებულ რეალურ განწყობას არ ასახავს. ზოგადად, IRI და NDI სერიოზული ორგანიზაციები არიან, რომელთაც დემოკრატიული განვითარებისთვის ბევრი რამ აქვთ გაკეთებული არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში”, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები ორგანიზაციის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა. საზოგადოებრივი აზრის კვლევა 20 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 1500 ადამიანი. კვლევის ცდომილება 2.5 პროცენტს შეადგენს.
კვლევის თანახმად, კვირას რომ არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 26 პროცენტი ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 22 პროცენტი კი, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.