აკაკი საღირაშვილი - ეკონომიკის სამინისტრო კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, რისკის მატარებელ მგზავრებზე ავიაკომპანიებისგან მიღებულ ინფორმაციას შესაბამის სამთავრობო უწყებებს ოპერატიულად აწვდის
ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აქტიურ რეჟიმში მუშაობს იმ ავიაკომპანიებთან, რომლებიც მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან საქართველოში მგზავრების საჰაერო გზით შემოყვანას უზრუნველყოფენ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, აკაკი საღირაშვილის განცხადებით, რისკის მატარებელ მგზავრებთან დაკავშირებით ავიაკომპანიებისგან მიღებულ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ოპერატიულად აწვდის როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრების მართვისა და კოორდინირების მთავარ სამმართველოს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტისა და საგანგებო სამსახურის წარმომადგენლებს, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს შემდგომში რეაგირების მიზნით.
„ინფორმაციის შეგროვება და გადაგზავნა ხორციელდება იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში რისკის ზონის ქვეყნებში იმყოფებოდნენ. ეს ინფორმაცია მოგვეწოდება მგზავრის ბორტზე რეგისტრაციის მომენტიდან და აისახება პირდაპირ რეჟიმში ჩვენს მონაცემთა ბაზაში,“ – განაცხადა აკაკი საღირაშვილმა.
მისი თქმით, შემოწმებას ექვემდებარებიან მხოლოდ რისკის მატარებელი მგზავრები, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში შემომსვლელი მგზავრი ბოლო ორი კვირის განმავლობაში არ იმყოფებოდა ოფიციალურად განსაზღვრულ რისკჯგუფის ქვეყანაში, მისი მონაცემების სხვა უწყებებისთვის გადაცემა არ ხდება.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.