„ნაციონალური მოძრაობა“ დანიელსონის დოკუმენტის ხელმოწერაზე უარს ამბობს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, აკაკი მინაშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ რეფორმებთან დაკავშირებულ სამ საკითხზე კომპრომისზე წასვლა მოუწია, მაგრამ შეთანხმება უნდა მოხდეს პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ვადამდელ არჩევნებზე.
ამასთან, „ნაციონალური მოძრაობა“ დანიელსონის დოკუმენტის ხელმოწერაზე უარს ამბობს.
„საერთო ერთიანი შეთანხმება ვერ მოხდება, ვიდრე არ იქნება პოზიციების შეჯერება პოლიტიკურ დევნილებთან და ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებთ. ეს „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციაა. ამ შემთხვევაში ვლაპარაკობ„ ნაციონალური მიძრაობის“ სახელით. ვიდრე ორ მთავარ საკითხზე არ მოხდება შეთანხმება, სრული შეთანხმება მიღებული ვერ იქნება. პოლიტპატიმრების გამოშვება და ვადამდელი არჩევნები არის მთავარი საკითხები. ბრიფინგმა დაადასტურა, რომ ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მუშაობის შედეგად, „ქართულ ოცნებას“ კომპრომისებზე წასვლა მოუწია იმ სამ საკითხზე, რომლებიც რეფორმებს ეხება, მაგრამ შეთანხმება უნდა მოხდეს ორ მთავარ საკითხზე. ეს საკითხებია ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება, ასევე ვადამდელი არჩევნები, რომელიც აუცილებელი წინაპირობაა ქვეყანაში კრიზისის მოგვარებისთვის“, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.
რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებზე 40-პროცენტიანი მხარდაჭერის საკითხს, მინაშვილის თქმით, ამაზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მიბმა არასწორია და მეტ კრიზისს გამოიწვევს.
„თქვენ გახსოვთ ორი კვირის წინანდელი პოზიცია, როდესაც რაიმე სახით ვადამდელი არჩევნების საკითხის გაგონებაზე „ქართული ოცნება“ რადიკალური ხდებოდა. ახლა ეს ვითარება შეიცვალა, თუმცა ადგილობრივ არჩევნებზე ვადამდელი არჩევნების მიბმა არასწორია თავისი არსით, რადგან განსხვავებული პრინციპის არჩევნებია.
შეიძლება, მაგალითად, ერთმა ადამიანმა ადგილობრივ არჩევნებზე აირჩიოს რომელიღაც პარტიის წარმომადგენელი და ცენტრალურ არჩევნებზე აირჩიოს სულ სხვა პარტიის წარმომადგენელი. სპეციფიკაა განსხვავებული და ამის აღრევა კიდევ უფრო დაძაბავს და უფრო მეტ კრიზისს შექმნის ქვეყანაში. ჩვენ არ გვინდა, რომ ეს კრიზისი შეიქმნას. ამიტომ ეს ცალ-ცალკე უნდა იყოს. მარტივი გამოსავალი ამ კრიზისიდან სწორედ ეს ვადამდელი არჩევნები. ამ შემთხვევაში ეს მიუღებელია“, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.