„ნაციონალურ მოძრაობაში” ახლა პირველი მსჯელობის საკითხი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაა. მას შემდეგ, რაც ეს საკითხი გადაწყდება, პარტიაში უნდა ჩატარდეს არჩევნები და ეს ნიკა მელიას თავად ჰქონდა გაჟღერებული, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, აკაკი მინაშვილმა განაცხადა.
მინაშვილის თქმით, აღნიშნულ პერიოდში, ამ თემაზე მოულოდნელად ბრიფინგის ჩატარება უცნაური და დასანანია.
„ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით, რამდენიმე კვირის განმავლობაში, ძალიან ინტენსიურად მიდის საორგანიზაციო და გეგმებთან დაკავშირებით შეხვედრები, თუ როგორ უნდა გააგრძელოს საქმიანობა პარტიამ. მთავარი საკითხი იყო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. რადგან, თქვენ იცით, რომ უახლოეს პერიოდში იქნება დასკვნა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და პირველადი მონაცემებით, ეს უმძიმესი დასკვნა იქნება. შემდგომ იქნება შუამდგომლობა და იქნება სასამართლო გადაწყვეტილება. ამიტომ მთავარი საფიქრალი ეს იყო, თუ რა უნდა გაეკეთებინა „ნაციონალურ მოძრაობას“. ამასთან დაკავშირებით, მთელი პარტია ამაზე იყო ორიენტირებული. ამავე დროს, შეხვედრაზე ძალიან მკაფიოდ იყო დაფიქსირებული, რომ მას შემდეგ, რაც ეს საკითხი იქნებოდა გადაწყვეტილი და კონკრეტული ნაბიჯები იქნებოდა გადადგმული, „ნაციონალურ მოძრაობაში“ უნდა ჩატარდეს ყველა დონის არჩევნები, თავმჯდომარის, პოლიტსაბჭოსი, სამდივნოსი და ეს უპირველესად იყო ნიკა მელიას ინიციატივა. ნიკა მელია ამ შეხვედრებზე ძალიან საჯაროდ საუბრობდა და არა მარტო შეხვედრებზე, გადაცემებში, ტელევიზიებშიც საჯაროდ ნათქვამი აქვს, რომ დიახ, არჩევნები აუცილებელია, ოღონდ გააჩნია პერიოდს. ახლა არის კრიტიკული მომენტი, რომელიც ეხება მიხეილ სააკაშვილის ქვეყნიდან გაყვანის საკითხს. თქვენ იცით ადვოკატების სტრატეგია, თქვენ იცით, როგორ მუშაობენ ადვოკატები, თქვენ იცით, რა თემებია ახლა მთავარი „ნაციონალურ მოძრაობაში“, ექსპერტები უნდა ჩამოვიდნენ, დასკვნა უნდა დაიდოს სასამართლოსი და ამაზე იყო საუბარი და ამის შემდეგ იყო მზადყოფნა, უპირველეს ყოვლისა, პარტიის თავმჯდომარის მხრიდან, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს. ის ფორმა, ძალიან სამწუხაროა და დასანანია, რომ აი, ამ პერიოდში, ასეთი ბრიფინგი იქნა ჩატარებული და ასევე ჩვენი მხრიდან, უბრალოდ ამ პერიოდში, ასეთ დროს, ასეთ მოულოდნელად ბრიფინგის ჩატარება ცოტა უცნაური და ცოტა დასანანია“, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირაკლი ნადირაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულ ლიდერებთან ერთად ითხოვენ, პარტიაში თავმჯდომარის ახალი არჩევნები ჩატარდეს.