აკაკი ბობოხიძე - გიორგი გახარიასთან ერთად ყოფნა ბომბია არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისთვის, არამედ სრულიად საქართველოსთვის
გიორგი გახარიასთან ერთად ყოფნა ბომბია არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისთვის, არამედ სრულიად საქართველოსთვის, რადგან ეს არის კაცი, რომელიც უკვე თავისთავად არის ხიფათის მატარებელი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, აკაკი ბობოხიძემ განუცხადა.
ბობოხიძის თქმით, გახარიას ნებისმიერი ნაბიჯი შეიძლება სერიოზული მღელვარების საბაბი გახდეს საქართველოში.
„ამ კაცთან ერთად სიარული არა მარტო ივანიშვილისთვის არის სახიფათო, არამედ ქვეყნისთვის. შევარდნაძე მახსენდება, რომელმაც 2003 წელს „მოქალაქეთა კავშირში“ თავი მოუყარა ქართული პოლიტიკის ქაფს, არ მინდა, ნაგავი ვიხმარო და საქართველოში პოლიტიკოსები ქართველმა ხალხმა ამით დაასრულა. იმედი მაქვს, ეს არის ბოლო ცვლილება, რომელსაც ივანიშვილი ქართველ ხალხს შესთავაზებს და 2020 წელს ივანიშვილის მმართველობას თავის გახარია-ღარიბაშვილებიანად დაასრულებს მოსახლეობა. ჩვენი მიზანია, საქართველო არჩევნებამდე ზედმეტი რყევების გარეშე რამენაირად მივიყვანოთ, რომ ხელისუფლებისგან ივანიშვილის მშვიდობიანი ჩამოშორება მოხდეს“, – განაცხადა ბობოხიძემ.
„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დღეს გიორგი გახარია დაასახელა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა მამუკა ბახტაძემ გუშინ დატოვა. როგორც ბახტაძემ აღნიშნა, მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე მისია შეასრულა.
ამასთან, საქართველოს მთავრობის განახლებულ შემადგენლობას პარლამენტის მხრიდან ნდობის გამოცხადება დასჭირდება. კონსტიტუციის გათვალისწინებით, პარლამენტი მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან, პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან ან უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტიდან ორი კვირის ვადაში, ნდობას უცხადებს პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტიის მიერ დასახელებულ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატსა და მის მიერ წარდგენილ მთავრობას.