აკაკი ბობოხიძე - ალეკო ელისაშვილსა და „გირჩის“ ნაწილს პოლიტიკური ფასი მხოლოდ იმიტომ დაედოთ, რომ ოპოზიციის მსხვილი ნაწილი პარლამენტში არ შედის
აკაკი ბობოხიძე - ალეკო ელისაშვილსა და „გირჩის“ ნაწილს პოლიტიკური ფასი მხოლოდ იმიტომ დაედოთ, რომ ოპოზიციის მსხვილი ნაწილი პარლამენტში არ შედის

„ძალიან გთხოვთ, რომ სიტყვა ოპოზიცია აღარ იხმაროთ ბატონი ელისაშვილის და ასევე „გირჩის“ ნაწილის მიმართ. ისინი დღეს გველაპარაკებიან, პრაქტიკულად, „ქართული ოცნების“ ტერმინოლოგიით და არა მარტო ტერმინოლოგიით, არამედ ბრალდებებსაც ისვრიან, ზუსტად ქოცური მენტალიტეტით, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, აკაკი ბობოხიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ბრძოლას აპირებს, ერთიანია და ბობოხიზე იმედოვნებს, რომ ეს ერთიანობა შენარჩუნდება. ამასთან, როგორც ბობოხიძე ამბობს, პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა ხელახალი არჩევნებია.

„როდესაც ბრალდებას უმისამართოდ ამბობენ და შემდეგ თავის მართლება მოგვიწევს, ოღონდ არც ერთ შემთხვევაში, ბუნებრივია, არ ვაპირებთ თავი ვიმართლოთ. ყოველ შემთხვევაში ოპოზიციას იმ ნაწილს, რომელიც აპირებს ბრძოლას „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, გვაქვს ერთიანობა და იმედი მაქვს, რომ ეს ერთიანობა იქნება ბოლომდე შენარჩუნებული. ალეკო ელისაშვილთან რაზე უნდა ვილაპარაკოთ, ალეკო ელისაშვილი ვინ არის. მეორე მხარეა? ძალიან მარტივია, ალეკო ელისაშვილსა და „გირჩის“ ნაწილს პოლიტიკური ფასი დაედოთ მხოლოდ იმიტომ, რომ ოპოზიციის მსხვილი ნაწილი არ შედის პარლამენტში. ამიტომ, ეს ფასი მოდი, დაიდონ, შევიდნენ და შეირგონ.

ალეკო ელისაშვილი და „გირჩის“ ეს ნაწილი არ წარმოადგენს პოლიტიკური თვალსაზრისით არაფერს, რომ არა ოპოზიციის ბოიკოტი პარლამენტის მიმართ. უნდათ შესვლა? შევიდნენ. ოღონდ, როგორც ჩანს, ალეკო ელისაშვილის ფუნქციაც „ქართული ოცნებისთვის“ და ღირებულებაც გააჩნია მხოლოდ ერთ შემთხვევში, თუ ის მასთან ერთად კიდევ ვინმეს შეიყვანს. როგორც ჩანს, ალეკო ელისაშვილს ეს ამოცანა აქვს „ქართული ოცნების“ წინაშე შესასრულებელი და ბუნებრივია, ამას ვერ შეასრულებს. ჩვენი პოზიცია არის ერთიანი, არჩევნები გაყალბდა და იმისთვის, რომ გაყალბებული არჩევნების გამო შექმნილი კრიზისიდან გამოვიდეს ქვეყანა, არსებობს ერთადერთი გზა, ხელახალი არჩევნები. აქ ვართ ერთიანი და შეჯერებული პოზიციით. არსებობს ამის მიღწევის ბერკეტები და ამ ბერკეტების ამოქმედების დრო ძალიან მალე დადგება“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

რაც შეეხება პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებას, სადაც ის არ გამორიცხავს, რომ გიორგი ვაშაძის ან სხვების წინააღმდეგ ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს კომპრომატები ჰქონდეთ და ამას იყენებდნენ მათი პოზიციების ცვლილებებისთვის, ბობოხიძემ აღნიშნა, რომ თუ დღეს ასეთი კომპრომატები არსებობს, ამას „ქართული ოცნება“ ფლობს.

„თუ ასეთი კომპრომატები არსებობს, დღეს ამ კომპრომატებს ფლობს „ქართული ოცნება“ და როგორც ჩანს, ეს კომპრომატები არის გამოყენებული ბატონი ელისაშვილის წინააღმდეგ. რა ტიპის კომპრომატები დადო მასზე და იოსელიანზე, არ ვიცი. ფაქტია, ყველაზე რადიკალური ოპოზიციების მქონე ორი პიროვნებიდან, უფრო სწორად ერთი ელისაშვილიდან, დღეს მივიღეთ აბსოლუტურად საწინააღმდეგო პოზიციების მქონე ელისაშვილი. რა კომპრომატებზე ლაპარაკობს ბატონი ელისაშვილი, ზუსტად ასეთი წარმატებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მის წინააღმდეგ კომპრომატები მოიძია, დადო და იძულებული გახადა მართული ყოფილიყო“,  – აღნიშნა აკაკი ბობოხიძემ.