აკაკი ბობოხიძე - აიძულო ადამიანები, იმუშაონ საკუთარი ნების გარეშე იქ, სადაც არ უნდათ, ესეც არის ავტორიტარიზმის და დიქტატურის გამოხატულება
აიძულო ადამიანები, იმუშაონ საკუთარი ნების გარეშე იქ, სადაც არ უნდათ, ესეც არის ავტორიტარიზმის, დიქტატურის და თვითნებობის გამოხატულება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, აკაკი ბობოხიძემ განაცხადა.
„ბოლო დღეებში განვითარებული პროცესები მაფიქრებინებს, რომ „ქართული ოცნება“ ეძებს საბაბს იმისთვის, რომ არ დააკმაყოფილოს დეპუტატების განცხადება, რაც იქნება კანონის ხელახალი დარღვევა. მინდა გითხრათ, რომ მოვა დროს, როდესაც ჩვენ მიერ ესეც იქნება „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ გამოყენებული, იმიტომ, რომ აიძულო ადამიანები, იმუშაონ საკუთარი ნების გარეშე იქ, სადაც არ უნდათ, ესეც არის ავტორიტარიზმის, დიქტატურის და თვითნებობის გამოხატულება.
ასე, რომ ხელისუფლებისაგან, რომელმაც მიიტაცა ძალაუფლება, ველოდები, რომ ასევე მიიტაცებს კონკრეტული პიროვნებების ნებას და არ მოუხსნის უფლებამოსილებას.
მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“ დაფიქრდნენ, იმოქმედონ კანონის შესაბამისად და შეუწყვიტონ უფლებამოსილება იმ დეპუტატებს, რომლებმაც ამის თაობაზე განცხადება უკვე დაწერეს“, – განაცხადა ბობოხიძემ.
საქართველოს პარლამენტი 51 ოპოზიციონერისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე მიმდინარე კვირაში იმსჯელებს. 51 ოპოზიციონერი დეპუტატის საკითხი 2 თებერვლის პლენარულ სხდომაზე განიხილება და კენჭი ეყრება. თუმცა, მანამდე ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომა გაიმართება, სადაც მმართველი გუნდი საკუთარ პოზიციაზე ჩამოყალიბდება – ჩატარდეს თავისუფალი კენჭისყრა და დეპუტატებმა ინდივიდუალური გადაწყვეტილება მიიღონ, თუ „ქართული ოცნება“ კენჭისყრაზე გუნდური პოზიციით წარდგება.