„აინტრახტის“ მწვრთნელი - „ნაპოლი“ ძალიან ძლიერია, მაგრამ უნდა დავამარცხოთ #1TVSPORT
„ნაპოლისთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე ფრანკფურტის „აინტრახტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ოლივერ გლასნერმა იმედი გამოთქვა, რომ გუნდი ორრაუნდიან დაპირისპირებას შემოატრიალებს – პირველი მატჩი ხვიჩა კვარაცხელიას გუნდმა 2:0 მოიგო.
გლასნერმა ფანების თემაზე კომენტარი არ ისურვა. ცნობილია, რომ გულშემატკივართა შორის დაპირისპირების შიშის გამო ფრანკფურტელ ქომაგს თამაშზე დასწრების უფლება არ მისცეს. თუმცა, ნეაპოლში, სავარაუდოდ, მინიმუმ, 400 ადამიანი მაინც მიემგზავრება.
„გვინდა, რომ ჩვენი ქომაგები ნეაპოლში იყვნენ, რადგან მათი დადებითი ენერგია ძალიან დაგვეხმარებოდა, მაგრამ ახლა ჩვენს თამაშზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება.
„ნაპოლი“ ძალიან აგრესიულ პრესინგს თამაშობს. ამ ვითარებიდან გამოსავალი უნდა ვნახოთ. მათ პირველ მატჩში ჩვენი შეცდომები მაქსიმალურად გამოიყენეს, იგივე გააკეთეს სერია A-ში „ატალანტასთან“ თამაშის დროს.
სამწუხაროა, რომ „ნაპოლისთან“ დისკვალიფიცირებული რანდალ კოლო მუანისა და ტრავმირებული იესპერ ლინდსტრიომის გარეშე ვითამაშებთ, რაც საქმეს კიდევ უფრო გაგვირთულებს. ამიტომ ვფიქრობთ ისეთ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მოგების წინაპირობა გახდება.
მიუხედავად ამისა, ვარჯიშის შემდეგ იმედიანად ვარ განწყობილი, ჩვენ შეგვიძლია სამი გოლი გავიტანოთ. არ მინდა, ზედმეტად ოპტიმისტი ვიყო, რადგან „ნაპოლი“ ძალიან ძლიერი გუნდია, მაგრამ ჩვენი მიზანი მისი დამარცხებაა“, – განაცხადა ოლივერ გლასნერმა.
ფრანკფურტში „ნაპოლიმ“ 2:0 მოიგო და იტალიელებს მეოთხედფინალში გასასვლელად ამ უპირატესობის შენარჩუნება სჭირდებათ. საპასუხო მატჩი დიეგო მარადონას სახელობის სტადიონზე ხუთშაბათს, 16 მარტს, თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.