აიათოლა ალი ჰამენეიმ უპირობო მოლაპარაკებების გამართვაზე დონალდ ტრამპის შეთავაზებაზე უარი განაცხადა
აიათოლა ალი ჰამენეიმ უპირობო მოლაპარაკებების გამართვაზე დონალდ ტრამპის შეთავაზებაზე უარი განაცხადა

აიათოლა ალი ჰამენეიმ უპირობო მოლაპარაკებების გამართვასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის შეთავაზებაზე უარი განაცხადა.

ირანის სულიერმა ლიდერმა სახელმწიფო ტელევიზიასთან მიცემული ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ გამოცდილებიდან გამომდინარე, ამერიკის შეერთებული შტატების ნდობა არ შეიძლება.

„მე ვკრძალავ ამერიკასთან ნებისმიერ მოლაპარაკებებს. შტატები არასდროს ყოფილა მოლაპარაკებების დროს მიცემული დაპირებების ერთგული. 2015 წელს მიღწეული შეთანხმებიდან გამოთიშვა ამის ნათელი მაგალითია“, – განაცხადა ირანის სულიერმა ლიდერმა.

გასულ კვირას ოფიციალურმა ვაშინგტონმა ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ ის სანქციები აამოქმედა, რომლებიც 2015 წლის შეთანხმების შემდეგ მოიხსნა.

ამასთან, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იმ კომპანიებს, რომლებიც ირანთან თანამშრომლობას განაგრძობენ, ვაჭრობის საკითხში აშშ-სთან სერიოზული პრობლემები შეექმნებათ. ოფიციალური ვაშინგტონის განმარტებით, ირანის წინააღმდეგ არსებული სანქციები მხოლოდ იმ შემთვევაში გაუქმდება, თუ ისლამური რესპუბლიკა 2015 წელს მიღწეული შეთანხმების გადახედვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გამართვას დათანხმდება.

ოფიციალურმა თეირანმა აღნიშნული წინადადება უკვე არაერთხელ უარყო.