ბრიტანეთი საქართველოში დემოკრატიის განვითარებისთვის დამატებით 5.5 მილიონ გირვანქა სტერლინგს გამოყოფს
ბრიტანეთი საქართველოში დემოკრატიის განვითარებისთვის დამატებით 5.5 მილიონ გირვანქა სტერლინგს გამოყოფს

დიდი ბრიტანეთი საქართველოში დემოკრატიის განვითარებისთვის დამატებით 5.5 მილიონ გირვანქა სტერლინგს გამოყოფს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის ოფისის თანამეგობრობისა და გაერო-ს საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ლორდმა აჰმად უიმბლდონმა ლორდთა პალატაში ლორდ კოლინა ჰიგბორის შეკითხვის პასუხად განაცხადა.

კოლინა ჰიგბორმა ლორდ უიმბლდონს ჰკითხა, რამდენად არის ბრიტანეთის მთავრობა ჩართული საქართველოს განვითარების პროცესსა და მშვიდობის მშენებლობაში.

დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის ოფისის თანამეგობრობისა და გაერო-ს საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების შეხვედრას, სადაც, მისი თქმით, საქართველოში დემოკრატიული რეფორმების გატარების საქმეში ბრიტანეთის დახმარების პერსპექტივები განიხილეს.

„ჩვენ გვინდა, რომ საქართველოში დემოკრატია მდგრადად ვითარდებოდეს. ამისათვის ვაპირებთ, გამოვყოთ დამატებით 5,5 მილიონი გირვანქა სტერლინგი. ამ თემებზე საქართველოს ორმხრივი მოლაპარაკებების ფორმატში ვესაუბრებით, ვესაუბრებით რუსეთსა და მთელ საერთაშორისო საზოგადოებას, ევროკავშირის ჩათვლით“ – აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.

დიდი ბრიტანეთის ლორდთა პალატაში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხზე მოსმენა გაიმართა. დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის ოფისის თანამეგობრობისა და გაერო-ს საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ლორდმა აჰმად უიმბლდონმა პალატას სიტყვით მიმართა.

აჰმად უიმბლდონმა ლორდთა პალატაში განაცხადა, რომ ბრიტანეთის მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის ინტერვენცია შეჩერდეს.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.