აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით, ნინო ლომჯარია დაზარალებულ მოსახლეობას ხვდება
აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით, ნინო ლომჯარია დაზარალებულ მოსახლეობას ხვდება

სახალხო დამცველი აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით, გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრებ, დაზარალებულ მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს.‪

ადგილობრივების პრობლემები ნინო ლომჯრიამ სოფელ ბერშუეთის მოსახლეობასთან შეხვედრისას მოისმინა.

სახალხო დამცველი შეხვდა და გაესაუბრა ადამიანებს, რომლებიც საოკუპაციო რეჟიმის მიერ იყვნენ გატაცებული და საზღვრის კვეთის ბრალდებით, ცხინვალის იზოლატორში იმყოფებოდნენ.

სახალხო დამცველმა ბოლო პერიოდში საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების მიმართ არასათანადო მოპყრობაზე ისაუბრა. გამყოფი ხაზის მოსაზღვრე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის მთავარ პრობლემად კი სასმელი წყლის არარსებობა დაასახელა.

„ გვაქვს ინფორმაციები, რომ ადგილი აქვს არასათანადო მოპყრობას ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში დაკავებული საქართველოს მოქალაქეების მიმართ. განსაკუთრებით ბოლო პირიოდში მომატებულია არასათანადო მოპყრობის შემთხვევები. მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ საერთაშორისო მასშტაბით ყველა შესაძლებლობა გამოიყენოს, რომ ყურადღება მუდმივად იყოს მიპყრობილი ამ პრობლემების მიმართ. შესაძლებელია ასევე საერთაშორისო სასამართლოების გამოყენება, როცა ადგილი აქვს არასათანადო მოპყრობას, წამებას. არჩილ ტატუნაშვილის ფაქტი არის თვალსაჩინო მაგალითი იმ განუკითხაობისა, რომელიც არსებობს“,-განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ კონფლიქტით დაზარალებულ ოჯახებს სახელმწიფო სხვადასხვა  პროგრამებით დაეხმაროს.

„ გარკვეული ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა და მოსახლეობა ამაზე საუბრობს. მაგრამ  დღესაც მწვავედ დგას სასმელი წყლის პრობლემა. წყალი, რომელიც სოფელშია, სასმელად უვარგისია. ასევე არ ყოფნით სარწყავი წყალი. ბოლო სამი წელია სოფლის სკოლაში არ არის პირველკლასელი. არსებობს ბევრი მწვავე სოციალური პრობლემა, რაც მოსახლეობის გადინებას იწვევს. უფრო მეტი დახმარება და უფრო მეტი ‬პროექტი უნდა განხორციელდეს“,- განაცხადა მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველი მავთულხლართებით დაფიქსირებულ  ე.წ. საზღვართანაც იმყოფებოდა.  დღესვე ლომჯარია სოფელ ზარდიიაანთ კარში ჩავა და გორში, #1 საბავშვო ბაღის შენობაში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს გაესაუბრება.