ნინო ლომჯარია - მაჩალიკაშვილის საქმე ბოლო წლებში ნამდვილად ერთ-ერთი პირველია, როდესაც ადამიანის გარდაცვალება სახელმწიფოს მხრიდან ჩარევას უკავშირდება
ნინო ლომჯარია - მაჩალიკაშვილის საქმე ბოლო წლებში ნამდვილად ერთ-ერთი პირველია, როდესაც ადამიანის გარდაცვალება სახელმწიფოს მხრიდან ჩარევას უკავშირდება

სახალხო დამცველი ხელისუფლებას მოუწოდებს, პანკისში სპეცოპერაციისას გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის  საქმესთან დაკავშირებით, საზოგადოებას სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდოს.

ნინო ლომჯარია პანკისში დღეს, მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ დაანონსებულ აქციას ეხმაურება და მოთხოვნას, რომ მისი შვილის გარდაცვალების საქმის დროული გამოძიება მოხდეს, ლეგიტიმურს უწოდებს.

„ ადამიანის უფლებების 2017 წლის ანგარიშში ჩვენ სპეციალური თავი მივუძღვენით თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალებას სიცოცხლის უფლების ნაწილში, იმიტომ, რომ მის გარდაცვალებაში ფიგურირებს სახელმწიფო. ამიტომ ვფიქრობ, ნამდვილად ლეგიტიმურია მოთხოვნები, რასაც ოჯახი აყენებს. ასევე მიმაჩნია, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა მაქსიმალურად უნდა მიაწოდონ როგორც ოჯახს და ადვოკატებს, ასევე საზოგადოებას და არასამთავრობო სექტორს ინფორმაცია, თუ რა ეტაპზეა გამოძიება. მაქსიმალურად უნდა გაასაჯაროონ ინფორმაცია  გამოძიების ირგვლივ, რადგან ნამდვილად,  ბოლო წლებში ეს არის ერთ-ერთი პირველი ფაქტი, როდესაც ადამიანის გარდაცვალება უკავშირდება სახელმწიფოს მხრიდან ასე ვთქვათ, ჩარევას და ამაზე დროული რეაგირებაა საჭირო“,- განაცხადა ლომჯარიამ.

გარდა ამისა, ნინო ლომჯარიამ ქვეყანაში, ბოლო დროს გამართულ საპროტესტო აქციებზე განვითარებულ მოვლენებზე გააკეთა კომენტარი.

„აქციებთან დაკავშირებით მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო პერიოდში აქციებზე არაერთ შემთხვევას ჰქონდა ადგილი, რომელიც ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფით დასრულდა.  მინდა მოვუწოდო ყველა მოქალაქეს, ვინც მომავლში იქნება საპროტესტო აქციის მონაწილე, დაიცვან კანონის მოთხოვნები, რათა აქცია არ გასცდეს მშვიდობის ფარგლებს“,-განაცხადა მან.

მალხაზ მაჩალიკაშვილი საპროტესტო აქციას პანკისში დღეს 14:00 საათზე გამართავს.