„აგროჰაბის“ დირექტორი - ფასი, მარაგები და სამუშაო რეჟიმი არ იცვლება
კომპანია „აგროჰაბის“ დირექტორმა, გიორგი ჯაშიაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ეკონომიკურ გუნდთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ „აგროჰაბს“ აქვს პროდუქტების საკმარისი მარაგი, პროდუქციაზე ფასების გაზრდას არ აპირებს და მაღაზია არ ცვლის სამუშაო რეჟიმს.
„სამ ფაქტზე გავამახვილებ ყურადღებას: ფასი, მარაგები და სამუშაო რეჟიმი. მარაგებთან დაკავშირებით გეტყვით, რომ როგორც ჩვენს პარტნიორ კომპანიებს, მარაგებთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არის, გვაქვს საკმარისზე მეტი მარაგები, არანაირი სირთულე ამ მხრივ არ არის და ვფიქრობ არც იქნება. ყველაფერი მიდის წესრიგში. დღესაც დახლები სრულიად სავსე იყო ჩვენს ობიექტებზე და მომხმარებლებს შეეძლოთ, შეეძინათ ყველაფერი. რაც შეეხება ფასებს, ფასების გაზრდა არ იგეგმება, არც დღეს მომხდარა და არც წინა დღეებში. გამომდინარე იქიდან, რომ გვაქვს საკმაოდ დიდი მარაგები, არ ვფიქრობთ, რომ ფასები უნდა გაძვირდეს. რაც შეეხება სამუშაო რეჟიმს, ჩვეულებრივ რეჟიმში ვმუშაობთ, არანაირი სამუშაო საათები არ იცვლება, მომხმარებელი როგორც აქამდე მოდიოდა, ასევე შეძლებს მოსვლას და იმ მარაგების შეძენას, რაც კომპანიას გააჩნია“, – აღნიშნა „აგროჰაბის“ დირექტორმა.