აგრარულ საკითხთა კომიტეტში სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელს მოუსმენენ
სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელ ზურაბ ჩეკურაშვილს მოუსმენენ დღეს საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე. ზურაბ ჩეკურაშვილი სფეროში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრებს.
კომიტეტზე ასევე განიხილავენ აზიური ფაროსანას წინაღმდეგ ბრძოლის შედეგებსა და სამოქმედო გეგმებს.
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ოთარ დანელიას თქმით, სურსათის უვნებლობის მიმართულებით პარლამენტი კანონპროექტზე მუშაობს, რომლის მიხედვითაც, გამკაცრდება სანქციები და სისხლის სამართლებრივად დასჯადი გახდება სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული რეგულაციების დარღვევა.
„ძირითადად სამი მიმართულება გვაქვს კომიტეტზე განსახილველი სურსათის უვნებლობის თვალსაზრისით: ეს არის ვეტერინარია, მცენარეთა დაცვა და სურსათის უვნებლობა. განსაკუთრებით აქტუალურია სურსათის უვნებლობის საკითხი ამ დღეებში, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ფაროსანასთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებები და ის აქტივობები, რომლებიც გასულ წელს ჩატარდა. ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად დაახლოებით 45 მილიონია გამოყოფილი, თუმცა საჭიროებისამებრ დამატებითი რესურსების მოძიებაზე პრინციპული თანხმობა გვაქვს. არ ვფიქრობ, რომ მეტი იქნება საჭირო, მთავარია, რაციონალურად იყოს გამოყენებული და რაც შეიძლება მეტი ეფექტურობით. როდესაც ამოვიღეთ 2012 წლის ინსპექტირების სტატისტიკა, ნული რაოდენობის ბაღი და სკოლა იყო შემოწმებული, ანუ არც ერთი. ჩვენ დღეს ვსაუბრობთ დაახლოებით 2400 ინსპექტირებაზე მხოლოდ გასულ წელს. ყველა ეტაპზე ვეცადეთ, გაგვემკაცრებინა სანქციები, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ვხედავთ, რომ მხოლოდ ჯარიმა არ არის საკმარისი და გამკაცრება უფრო მეტადაა საჭირო. უნდა შევუქმნათ სურსათის ეროვნულ სააგენტოს ყველა პირობა, რომ მაქსიმალურად ეფექტურად გაატარონ ყველა ღონისძიება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. მათ შორის ალბათ ყველაზე მეტად ყურადსაღები, რა თქმა უნდა, არის ბავშვთა კვება. რეგულაციების დარღვევისთვის, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, აუცილებლად სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა იყოს“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.