აგიტ მირზოევი - ომბუდსმენს ხვალ ისევ შევხვდებით და ვიფიქრებთ, როგორ შეიძლება სიტუაცია გადავარჩინოთ, რომ იზაბელა ოსიპოვამ კონკურსში მონაწილეობა მიიღოს
ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ხვალ დილით ომბუდსმენს ისევ შევხვდებით და იმ გეგმებზე ვიფიქრებთ, თუ როგორ შეიძლება, სიტუაცია ჯერ კიდევ გადავარჩინოთ, იზაბელა ოსიპოვამ კონკურსში მონაწილეობა მიიღოს და გაიმარჯვოს, – განაცხადა იეზიდური თემის წარმომადგენელმა, „ჩართულობისა და განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელმა, აგიტ მირზოევმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
ამ განცხადებით „ჩართულობისა და განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელმა გადაცემის წამყვანის, მაკა ცინცაძის შეკითხვას უპასუხა, როგორია იზაბელა ოსიპოვას მხარდამჭერთა გეგმები და გეგმავენ თუ არა ისინი, სახალხო დამცველისთვის მისი კანდიდატურის კვლავ შეთავაზებას.
იეზიდური თემის წარმომადგენელმა ასევე თქვა, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა სახალხო დამცველს დაახლოებით ორი დღის წინ შესთავაზეს, მისთვის კანონით მინიჭებული უფლება გამოეყენებინა და რამდენიმე კანდიდატი, მათ შორის იზაბელა ოსიპოვა დაესახელებინა.
„მან თქვა, რომ კონსულტაციებს გაივლიდა და გადაწყვეტილებას მიიღებდა. მე არ ვიცი, ომბუდსმენს კომუნიკაცია ვისთან ჰქონდა და გადაწყვეტილება როგორ მიიღო“, – განაცხადა აგიტ მირზოევმა.