საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ ხელმძღვანელი წარადგინა. უწყების თავმჯდომარის თანამდებობა ერეკლე ღვინიანიძემ დაიკავა.
რატი ბრეგაძის განცხადებით, ერეკლე ღვინიანიძე სააღსრულებო სისტემაში გამოცდილი და პროფესიონალი კადრია, რომელიც აღსრულებას უფრო ეფექტურსა და სოციალურ მიდგომაზე მეტად ადაპტირებულს გახდის.
მინისტრის თქმით, ახალ თავმჯდომარეს აქვს შესაბამისი განათლება და ყველა საჭირო უნარი, რათა სწორად წარმართოს სააღსრულებო სისტემაში დაგეგმილი ახალი რეფორმა.
აღსრულების ეროვნული ბიუროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა სასამართლოს გადაწყვეტილებათა ეფექტურ აღსრულებას.
ბიუროს ახალი თავმჯდომარე სააღსრულებო სისტემაში 20 წელია, მუშაობს. ერეკლე ღვინიანიძე 2002-2012 წლებში სსიპ „აღსრულების ეროვნულ ბიუროში“ სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა, 2012 წლიდან კი კერძო აღმასრულებელი იყო.
ახალი ხელმძღვანელი მუშაობას დღეიდან შეუდგა.