„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის მონაწილეები ადასტურებენ პარტნიორების უფლებას, თავად აირჩიონ ამბიციების დონე და მიზნები
სამიტის მონაწილეები კვლავ შეშფოთებულები არიან რეგიონის ბევრ ნაწილში საერთაშორისი სამართლის პრინციპების დარღვევების გამო, – ამის შესახებ აღნიშნულია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის დეკლარაციაში.
„სამიტის მონაწილეები ითხოვენ, რეგიონში გადაუჭრელი კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირებისკენ მიმართული ძალისხმევის განახლებას საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების საფუძველზე. კონფლიქტების დარეგულირება, ნდობის დამყარება და კარგი სამეზობლო ურთიერთობები უკიდურესად მნიშვნელოვანია ეკონომიკური და სოციალური განვითარებისა და თანამშრომლობისთვის.
სამიტის მონაწილეები მიესალმებიან კონფლიქტების დარეგულირებაში ევროკავშირის გაძლიერებულ როლს და ნდობის გაძლიერებად არსებული შეთანხმებული მოლაპარაკებების ფორმატებისა და პროცესების ფარგლებში ან მათ მხარდასაჭერად“, – ნათქვამია დოკუმენტში.
ამას გარდა, ბრიუსელში გამართული შეხვედრის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი არ არის მიმართული ვინმეს წინააღმდეგ, არამედ მისი მიზანია საერთო დემოკრატიის, კეთილდღეობის, სტაბილურობისა და გაძლიერებული თანამშრომლობის ჩამოყალიბება.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, იმ შემთხვევებში, როდესაც სხვა პარტნიორებთან კავშირი მოითხოვს უფრო ფართო მონაწილეობას და ეს ხელს შეუწყობს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ კონკრეტულ აქტივობებსა და საერთო მიზნებს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თანამშრომლობა შესაძლებელია, იყოს ღია მესამე ქვეყნებისთვის.
„სამიტის მონაწილეები ადასტურებენ თითოეული პარტნიორის სუვერენულ უფლებას, თავად აირჩიოს ამბიციების დონე და მიზნები, რომლებისკენაც ისწრაფვის ევროკავშირთან ურთიერთობებში“ , -წერია დეკლარაციაში.
სამიტის მონაწილეები მიესალმებიან „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მიღწევებს და ევროკავშირსა და თითოეულ პარტნიორ ქვეყანას შორის ორმხრივ ურთიერთობებში დიფერენცირების გაძლიერებას.
„თანამშრომლობის მოცულობა და სიღრმე განისაზღვრება ევროკავშირისა და პარტნიორების ამბიციებითა და საჭიროებებით, ასევე რეფორმების ტემპითა და ხარისხით“, – აღნიშნულია სამიტის დეკლარაციის ტექსტში.
სამიტის მონაწილეები დადებითად აფასებენ საქართველოსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების სრულ ამოქმედებას.
„ამ კონტექსტში, სამიტის მონაწილეები აღიარებენ დაინტერესებული პარტნიორების ევროპულ მისწრაფებებსა და ევროპულ არჩევანს, როგორც ეს მითითებულია ასოცირების შეთანხმებებში. ეს შეთანხმებები ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის დაჩქარებას უზრუნველყოფს“, – წერია ტექსტში.