„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის დეკლარაცია - ყველა დონეზე ძლიერი მმართველობა მოსახლეობის მხრიდან მთავრობისადმი ნდობის საფუძველია
მონაწილეები მოუთმენლად ელოდებიან აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ჩვენი გაფართოებული და გაღრმავებული თანამშრომლობის დინამიკურობისა და ეფექტიანობის კიდევ უფრო გაზრდას, მოქალაქეებისთვის კონკრეტულ სარგებელზე ორიენტირებით.
დეკლარაციაში აღნიშნულია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირის პროგრამების შესახებ საზოგადოების ინფორმირება. სამიტის მონაწილეები ასევე აღნიშნავენ, რომ ყველა დონეზე ძლიერი მმართველობა არის მოსახლეობის მხრიდან მთავრობისადმი ნდობის საფუძველი.
საჯარო ადმინისტრირებასა და სასამართლო სფეროში რეფორმების განხორციელება, ასევე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა აუცილებელია მდგრადობის გასამტკიცებლად.
მონაწილეები თანხმდებიან, რომ ადამიანების უსაფრთხოების გაძლიერება, რაც ასევე დამოკიდებულია ეფექტიანი, ანგარიშვალდებული, გამჭვირვალე და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაზე, შეამცირებს საზოგადოების მოწყვლადობას.
უსაფრთხოების სფეროს რეფორმირებაში, საზღვრების ინტეგრირებულ მართვაში, ორგანიზებული დანაშაულის, ადამიანების მოვაჭრეების წინააღმდეგ ბრძოლაში, არალეგალური მიგრაციის აღმოფხვრაში, ჰიბრიდული საფრთხეების გადალახვაში, ტერორიზმისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, მათ შორის ინტერრელიგიური და ინტერკულტურული დიალოგის გზით, რადიკალიზაციის პრევენციაში, კიბერუსაფრთხოების გაძლიერებასა და კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში, კატასტროფების პრევენციის, მათზე რეაგირებისა და კრიზისების მართვის გაძლიერებაში თანამშრომლობა და ევროკავშირის მხარდაჭერა გააუმჯობესებს პარტნიორი ქვეყნების უნარს, გაუძლოს მის წინაშე არსებულ ზეწოლას.
სამიტის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ეკონომიკური და სოციალური განვითარება, ასევე ტრანსფორმაციის პროცესების მხარდაჭერა ევროპის სამეზობლოში სტაბილურობისა და მდგრადობის საფუძველია.
სატრანსპორტო კავშირის მნიშვნელობის გათვალისწინებით, მონაწილეები იზიარებენ მოსაზრებას, რომ უკეთესი და უფრო უსაფრთხო სატრანსპორტო კავშირები ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის, ასევე თავად პარტნიორებს შორის უფრო მჭიდრო კომუნიკაციასა და განვითარების ახალ შესაძლებლობებს უზრუნველყოფს.
ტექსტის თანახმად, ადამიანებს შორის კონტაქტები, მათ შორის საგანმანათლებლო, ახალგაზრდული, კულტურული და სამეცნიერო გაცვლითი პროგრამები და მობილობა საზოგადოებებს უფრო აახლოებს ერთმანეთთან.
სამიტის მონაწილეები ასევე ხაზს უსვამენ კარგად ფუნქციონირებადი მედიაგარემოსა და სიტყვის თავისუფლების მნიშვნელოვან როლს დემოკრატიული, მდგრადი და განვითარებული საზოგადოებისთვის. ისინი აღიარებენ, რომ საჭიროა დამოუკიდებელი მედიის, მედიაპროფესიონალიზმის, ასევე მედიაგანათლების მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში.
ამას გარდა, სამიტის მონაწილეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ „აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის“ საზოგადოების ყველა ნაწილის ინკლუზიური ჩართულობის მნიშვნელობას. ისინი მხარს უჭერენ გენდერულ თანასწორობასა და ქალთა უფლებების გაძლიერებას, ევროკავშირის გენდერული სამოქმედო გეგმის შესაბამისად.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალი სამიტი 2019 წელს გაიმართება.