„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის დეკლარაცია - ევროკავშირი ერთგულად უჭერს მხარს პარტნიორების ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს
ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე ბრიუსელში გამართული „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის დეკლარაცია გამოქვეყნდა.
22-გვერდიანი დოკუმენტი 21 პუნქტისგან შედგება. ამას გარდა, დეკლარაციაში ჩამოთვლილია ის 20 ამოცანა, რომლის შესრულებაც 2020 წლამდე უნდა მოხდეს.
დეკლარაციის თანახმად, სამიტის მონაწილეები ადასტურებენ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მნიშვნელობას ევროპულ სამეზობლო პოლიტიკაში.
მხარეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ ერთობლივ მხარდაჭერას სტრატეგიული და ამბიციური პარტნიორობისადმი, რაც დაფუძნებულია ერთობლივ ღირებულებებზე, ორმხრივ ინტერესებსა და ურთიერთგაგებაზე, საერთო საკუთრებასა და პაუსხისმგებლობაზე, დიფერენციაციაზე, ორმხრივ ანგარიშვალდებულებაზე, რაც „აღმოსავლეთ ევროპის“ პარტნიორ ქვეყნებს უფრო აახლოებს ევროკავშირთან.
„მდგრადი და ეფექტიანი რეფორმების პროგრესი არის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალი წარმატების გასაღები“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
„სამიტის მონაწილეები მზადყოფნას გამოთქვამენ, გააძლიერონ დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები, ასევე საერთაშორისო სამართლის პრინციპები და ნორმები, რაც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფუნდამენტია.
ევროკავშირი კვლავ ერთგულად უჭერს მხარს ყველა პარტნიორის ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს. გაერო-ს წესდების, 1975 წლის ჰელსინკის ფინალური აქტისა და ეუთო-ს 1990 წლის პარიზის ქარტიის მიზნებისა და პრინციპების სრული ერთგულება და პატივისცემა მშვიდობიანი და განუყოფელი ევროპისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს.
სამიტის მონაწილეები კვლავ ადასტურებენ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წინა სამიტის დეკლარაციებში ჩაწერილ ელემენტებსა და პრინციპებს და ხაზს უსვამენ მტკიცე გადაწყვეტილებას, შეასრულონ წინა სამიტებზე და ორმხრივი შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებები“, – წერია დოკუმენტის ტექსტში.
სამიტის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ საერთო ღირებულებებისა და პრინციპების კონსოლიდირება მთავარი პრიორიტეტია და ეს ხელს უწყობს ევროკავშირსა და პარტნიორებს შორის ურთიერთობების გაძლიერებას.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის კავშირები ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს ერთად უფრო ძლიერს ხდის და ისინი უკეთ უმკლავდებიან საერთო გამოწვევებს“, – აღნიშნულია ტექსტში.
დოკუმენტის თანახმად, უფრო ძლიერი თანამშრომლობა და მომავალზე ორიენტირებული ყოვლისმომცველი პოლიტიკური დიალოგი არის გასაღები საერთო გამოწვევების გადასალახად და საერთო მიზნების მისაღწევად.
მონაწილეები ხაზს უსვამენ როგორც ევროკავშირში, ისე პარტნიორ ქვეყნებში, სახელმწიფო, ეკონომიკური და სოციალური მდგრადობის გაძლიერების, ასევე ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკაში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ როლის მნიშვნელობას.