აღმოჩენილია ყავისფერი ჯუჯა ვარსკვლავის გარშემო მოძრავი გიგანტური პლანეტა
ირმის ნახტომის ამოზნექილობაში, მიკროლინზირების მეთოდის გამოყენებით, ასტრონომებმა ყავისფერი ჯუჯა ვარსკვლავის გარშემო მოძრავი გიგანტური პლანეტა აღმოაჩინეს.
ეგზოპლანეტას OGLE-2017-BLG-1522Lb უწოდეს და სავარაუდოდ, აქვს იუპიტერზე 25 პროცენტით ნაკლები მასა.
მიკროლინზირების მეთოდი ეფუძნება გრავიტაციული ლინზის ეფექტს და გამოიყენება პლანეტური და ვარსკვლავური მასის ობიექტების აღმოსაჩენად, მიუხედავად იმისა, გამოასხივებენ თუ არა ისინი სინათლეს.
გამომდინარე აქედან, ეს მეთოდი მგრძნობიარეა ობიექტების მასისადმი, განსაკუთრებით კი შედარებით მკრთალი M-ტიპისა და ყავისფერი ჯუჯა ვარსკვლავების გარშემო, ე.წ. თოვლის ხაზს მიღმა მოძრავი დაბალმასიანი პლანეტებისადმი.
ასეთი პლანეტები ასტრონომთა განსაკუთრებული ინტერესის საგანია, რადგან სწორედ ამ ხაზს მიღმა მიმდინარეობს ყველაზე აქტიურად პლანეტათა წარმოქმნის პროცესი.
OGLE-2017-BLG-1522-ის მიკროლინზირების მოვლენა 2017 წლის 7 აგვისტოს, ოპტიკური გრავიტაციული ლინზირების ექსპერიმენტის (OGLE) ფარგლებში დააფიქსირა ჩილეში განთავსებულმა ვარშავის ტელესკოპმა.
შემდეგი ანალიზების საფუძველზე, მეცნიერებმა ყავისფერი ჯუჯასა და გიგანტური პლანეტის სისტემა აღმოაჩინეს.
როგორც კვლევა იუწყება, OGLE-2017-BLG-1522Lb გიგანტური პლანეტაა. აქვს 0,75 იუპიტერის მასა და დედავარსკვლავს გარს უვლის 0,59 ასტრონომიული ერთეულის მანძილიდან (1 ასტრონომიული ერთეული = მანძილი მზესა და დედამიწას შორის).
ასტრონომების განცხადებით, ისინი 75 პროცენტით დარწმუნებული არიან, რომ დედავარსკვლავი ყავისფერი ჯუჯაა, რომელიც 46-ჯერ მასიურია მზის სისტემის უდიდეს პლანეტაზე (იუპიტერი). შესაბამისად, იმის გასარკვევად, დედავარსკვლავი მართლაც ყავისფერი ჯუჯაა თუ უბრალოდ დაბალმასიანი ვარსკვლავი, დამატებითი კვლევებია საჭირო.
ასტრონომები შენიშნავენ იმასაც, რომ გიგანტური პლანეტა თოვლის ხაზს მიღმა მდებარეობს. ეს გახლავთ მანძილი ვარსკვლავიდან, სადაც მოლეკულური სახეობები იყინება და იწყება პლანეტათა ფორმაცია. მკვლევრებმა დაადგინეს ისიც, რომ ეს სისტემა ჩვენი გალაქტიკა ირმის ნახტომის ამოზნექილობაში მდებარეობს.
დასკვნითი შენიშვნის სახით, ასტრონომები ხაზს უსვამენ თავიანთ აღმოჩენის მნიშვნელობას – შესაძლოა, OGLE-2017-BLG-1522Lb ყავისფერი ჯუჯა ვარსკვლავის გარშემო მოძრავი პირველი გიგანტური პლანეტა იყოს.
კვლევის პირველადი ვერსიის ხილვა შესაძლებელია რეცენზირებამდელ სერვერ arxiv.org-ზე.
მომზადებულია Phys.org-ის მიხედვით