აღმოჩენილია ვარსკვლავი, რომელიც ჩვენი გალაქტიკის ცენტრალურმა შავმა ხვრელმა წარმოუდგენელი სიჩქარით გამოტყორცნა
მილიონობით წლის წინ, როდესაც ჩვენი წინაპრები ორ ფეხზე, წელში გამართულად სიარულს სწავლობდნენ, ჩვენი გალაქტიკის ცენტრში გაწოლილმა სუპერმასიურმა შავმა ხვრელმა ერთი ვარსკვლავი 6 მილიონი კმ/სთ სიჩქარით გამოტყორცნა.
ამ დრამატული გამოტყორცნიდან ხუთი მილიონი წლის შემდეგ, მკვლევართა ჯგუფმა კარნეგი-მელონის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსის, სერგეი კოპოსოვის ხელმძღვანელობით, წეროს თანავარსკვლავედის მიმართულებით შეამჩნია ვარსკვლავი სახელად S5-HVS1. აღმოჩნდა, რომ დედამიწიდან 29 000 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ეს ვარსკვლავი უპრეცედენტოდ მაღალი სიჩქარით მოძრაობს — გალაქტიკის ვარსკვლავთა უმეტესობაზე 10-ჯერ სწრაფად.
როგორც მკვლევრები წერენ, ამ ვარსკვლავის სიჩქარე იმდენად მაღალია, რომ ის გარდაუვლად დატოვებს გალაქტიკას და უკან აღარასოდეს დაბრუნდება.
კოპოსოვის განცხადებით, ეს ფაქტი ძლიერ ამაღელვებელია, რადგან აქამდეც არსებობდა ეჭვები, რომ შავ ხვრელებს ვარსკვლავთა ძალიან მაღალი სიჩქარით გატყორცნა შეუძლიათ. თუმცა, ამის დამამტკიცებელი აშკარა კავშირი აქამდე ნაპოვნი არ იყო.
ვარსკვლავი ინგლისურ-ავსტრალიური ტელესკოპითა (AAT) და ევროპის კოსმოსური სააგენტოს ხომალდ „გაიას“ საშუალებით აღმოაჩინეს.
ამის შემდეგ, მკვლევრებმა გამოთვალეს მის მიერ განვლილი ტრაექტორია, რამაც ისინი ირმის ნახტომის ცენტრში მდებარე სუპერმასიურ შავ ხვრელ მშვილდოსანი A*-მდე მიიყვანა. აღსანიშნავია, რომ ეს შემთხვევა წარმოუდგენლად კარგი მაგალითია ჰილსის მექანიზმისა, რომელიც 30 წლის წინ ასტრონომმა ჯეკ ჰილსმა შეიმუშავა. მისი თეორიის მიხედვით, გალაქტიკის ცენტრებიდან ვარსკვლავები წარმოუდგენლად მაღალი სიჩქარით გამოიტყორცნება, თუკი მოხდება ურთიერთქმედება ორმაგ (ბინარულ) ვარსკვლავებსა და იქ არსებულ გიგანტურ შავ ხვრელს შორის.
ამ შემთვევაში, S5-HVS1-იც ორმაგი ვარსკვლავი უნდა ყოფილიყო. შავ ხვრელთან მიახლოებისას, ერთი მათგანი ამ უკანასკნელმა გადასანსლა, მეორე კი წარმოუდგენელი სიჩქარით გამოტყორცნა.
პრინსტონის უნივერსიტეტის მკვლევრის, ტინგ ლის განცხადებით, ეს გახლავთ ჰილსის მექანიზმის მოქმედების პირველი აშკარა გამოვლენა. მისივე თქმით, ამ ვარსკვლავის აღმოჩენა საოცარია, რადგან ცნობილია, რომ ის გალაქტიკის ცენტრში უნდა დაბადებულიყო, ჩვენი გარემოსგან ძალიან განსხვავებულ ადგილას; ის უბრალოდ ვიზიტორია სრულიად უცხო „მიწიდან“.
კვლევა ჟურნალ Monthly Notices of the Royal Astronomical Society-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია space.com-ის მიხედვით.