ასტრონომებმა დააფიქსირეს სამყაროში ყველაზე სწრაფად მზარდი შავი ხვრელი ამ დრომდე აღმოჩენილთა შორის. ობიექტს იმდენად გაუმაძღარი მადა აქვს, რომ ყოველ ორ დღეში, ჩვენი მზის მასის მატერიას ჭამს.
მონსტრი შავი ხვრელი მკვლევრებმა ჩვენგან 12 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე იპოვეს, ანუ, ისინი ამ ობიექტს უყურებენ ისეთს, როგორიც ის 12 მილიარდი წლის წინ იყო, დიდი აფეთქებიდან არც თუ ისე დიდი ხნის შემდეგ.
შავი ხვრელი ხილულია მისი წარმოუდგენელი სიკაშკაშის წყალობით. ასტრონომთა განცხადებით, ის რომ ირმის ნახტომში მდებარეობდეს, დედამიწიდან უფრო კაშკაშა გამოჩნდებოდა, ვიდრე სავსე მთვარე, მის ფონზე ყველა სხვა ვარსკვლავი უბრალოდ გაუფერულდებოდა.
„ეს შავი ხვრელი იმდენად სწრაფად იზრდება, რომ ათასობით უფრო მეტად კაშკაშებს, ვიდრე ჩვენი მთლიანი გალაქტიკა. ამის მიზეზია გაზები, რომელსაც ის ყოველდღიურად ჭამს, რაც განაპირობებს ხახუნისა და სიცხის წარმოქმნას“, — ამბობს მკვლევართა ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტიდან, კრისტიან ვულფი.
მისი თქმით, ეს მონსტრი რომ ჩვენი გალაქტიკის ცენტრში იყოს, დედამიწიდან სავსე მთვარეზე 10-ჯერ უფრო კაშკაშა გამოჩნდებოდა. ასეთი სიკაშკაშე თითქმის უხილავს გახდიდა ყველა სხვა ვარსკვლავს ცაზე.
გარდა ამისა, იგი მთლიანად მოსპობდა სიცოცხლეს დედამიწაზე, რადგან მატერიის შთანთქმის დროს, მისგან გამოიტყორცნება წარმოუდგენლად დიდი ოდენობის რენტგენული გამოსხივება. საბედნიეროდ, ამ მონსტრთან 12 მილიარდი სინათლის წელი გვაშორებს და არაფერი გვემუქრება.
მეცნიერებმა ახლად აღმოჩენილ სუპერმასიურ შავ ხვრელს QSO SMSS J215728.21-360215.1 უწოდეს. მათი ვარაუდით, ამ ობიექტის მასა 20 მილიარდი მზის მასას უდრის და ზრდის მაჩვენებელი წელიწადში ერთი პროცენტია ყოველ მილიონზე.
იმის გამო, რომ ამდენ მატერიას ჭამს, ობიექტს კვაზარის კლასიფიკაცია მიანიჭეს. კვაზარები ერთ-ერთი ყველაზე უიშვიათესი და კაშკაშა ციური სხეულებია, რომლებიც გალაქტიკათა ცენტრებშია მოთავსებული.
ეს კვაზარი ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) მისია „გაიას“ ახალ მონაცემთა კვლევის შედეგად აღმოაჩინეს. ასევე გამოიყენეს NASA-ს ტელესკოპები WISE და ANU SkyMapper-ი.
გამომდინარე იქიდან, რომ უახლოეს რამდენიმე წელიწადში ფუნქციონირებას დაიწყებს გაცილებით მძლავრი ტელესკოპები, უნდა ველოდოთ კიდევ მრავალი ასეთი ობიექტის აღმოჩენას.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ უფრო დეტალურად გავარკვევთ, როგორ ჩამოყალიბდა ელემენტები და გალაქტიკები სამყაროს ძალიან ადრეულ ეტაპზე. მსგავს სუპერმასიურ შავ ხვრელთა ზრდის კვალდაკვალ, შესაძლებელია მათ წინ მდებარე სხვა ობიექტთა ჩრდილების შემჩნევა.
მკვლევართა თქმით, კვაზარების კაშკაშა შუქი და მათში მოთავსებული შავი ხვრელები სასიგნალო კოშკებივით მოქმედებს, რადგან მათ მიერ გარშემო არსებული გაზების იონიზების პროცესი სამყაროს გაცილებით გამჭვირვალეს ხდის ჩვენს ტელესკოპთათვის.
ამ დროისათვის, ასეთი სიკაშკაშის კვაზარი მხოლოდ რამდენიმეა აღმოჩენილია. მთავარი გამოწვევა ახლა იმის განსაზღვრაა, როგორ შეძლეს ამ ობიექტებმა ასე სწრაფად გაზრდა და ამ ზომებამდე მიღწევა სამყაროს ასეთ ადრეულ ეტაპზე.
კვლევა ჟურნალ Publications of the Astronomical Society of Australia-ში გამოქვეყნდა. ასევე ხელმისაწვდომია სერვერზე arXiv.org.
მომზადებულია anu.edu.au-სა და ScienceAlert-ის მიხედვით