აღმოჩენილია იშვიათი სახეობის ციცქნა, უკბილო დინოზავრის ნამარხი – #1tvმეცნიერება
ბრაზილიაში 70 მილიონი წლის წინანდელი უკბილო, ორფეხა დინოზავრის ნაშთები აღმოაჩინეს. მკვლევართა განცხადებით, აღმოჩენა უიშვიათესია.
პატარა დინოზავრი სიგრძეში მეტამდე უნდა ყოფილიყო, სიმაღლეში კი 80 სმ. მიეკუთვნება თეროპოდებს, ჯგუფს, რომლის ყველა წევრიც ხორცისმჭამელად მიიჩნეოდა.
თუმცა, მეცნიერთა გასაკვირად, ახალ სახეობას, რომელსაც Berthasaura leopoldinae უწოდეს, ნისკარტის მსგავსი პირი აქვს კბილების გარეშე.
ბრაზილიის ეროვნული მუზეუმის მკვლევრებმა აღმოჩენის შესახებ პუბლიკაცია ჟურნალ Nature-ში გამოაქვეყნეს; აღნიშნავენ, რომ ეს გახლავთ ბრაზილიაში აღმოჩენილი ცარცული პერიოდის დინოზავრის ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი ჩონჩხი.
„კბილების არქონა აჩენს კითხვებს, თუ რა სახის საკვებს ჭამდა ის. აუცილებლად იმას არ ნიშნავს, რომ ის ხორცს არ ჭამდა. მრავალი ფრინველი, მაგალითად შავარდენი და კაკაჩა ხორცს ნისკარტით ჭამს. დიდი ალბათობით, ეს არსება ყველაფრის მჭამელი იყო და ბინადრობდა ისეთ არასტუმართმოყვარე გარემოში, სადაც ყველაფერი უნდა ეჭამა, რაც კი შეეძლო“, — წერენ კვლევის ავტორები.
განმრხებული ჩონჩხი ბრაზილიის სამხრეთში, პარანის შტატში აღმოაჩინეს სასოფლო გზის გასწვრივ.
ანალიზებმა ცხადყო, რომ ის სრულიად ახალ სახეობას მიეკუთვნებოდა, რომელიც 70-80 მილიონი წლის წინ ბინადრობდა.
სახელი გამოჩენილი ბრაზილიელი მეცნიერისა და ფემინისტის, ბერტა ლუცისა და ბრაზილიის იმპერატორის, მეცნიერების დიდი ქომაგის, მარია ლეოპოლდინას (მე-19 საუკუნე) პატივსაცემად უწოდეს.
მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.