აღმოჩენილია იშვიათი ნამარხი, რომელიც ასახავს, როგორ ნადირობდა პატარა ძუძუმწოვარი დინოზავრზე — #1tvმეცნიერება
ცარცული ეპოქის სამყარო არსებობისთვის ნამდვილად საშიში ადგილი იყო — ან შეჭამდი, ან შეგჭამდნენ. აღმოჩენილია მტკიცებულება, რომ ერთ დინოზავრს სწორედ ასეთი საზარელი აღსასრული დაუყენა ერთმა მტაცებელმა.
დინოზავრის, სახელად ფსიტაკოზავრის (Psittacosaurus lujiatunensis) ჩონჩხი დაგრეხილია, ნეკნებს მტაცებლის ბასრი კბილების კვალი ატყვია, მტაცებლის წვეტიანი ყბა კლანჭებიან წინა ტერფზეა მოჭერილი, უკანა ფეხი კი მის თეძოზეა მიდებული. მტაცებლობის ასეთი შემთხვევა სულაც არ არის გასაკვირი, მაგრამ ნამდვილად გასაკვირია თავად მტაცებლის ვინაობა: ეს გახლავთ ოპოსუმის მსგავსი ძუძუმწოვარი, თავად ფსიტაკოზავრზე გაცილებით პატარა, სახელად რეპენომამი (Repenomamus robustus).
ცნობილია, რომ რეპენომამი პატარა, ახალშობილ ფსიტაკოზავრებს ჭამდა; მაგრამ ეს პირველი შემთხვევაა, როცა მის მიერ გაცილებით დიდ მსხვერპლზე ნადირობის ფაქტიც აღმოაჩინეს.
„ორი ცხოველი სასიკვდილო ბრძოლაშია გაქვავებული, ერთმანეთში მჭიდროდ გადახლართული და ეს პირველი მტკიცებულებაა, რომელიც გვიჩვენებს, როგორ გამოიყურებოდა ძუძუმწოვრის მიერ დინოზავრზე ნადირობის ქცევა. ამ ორი ცხოველის თანაარსებობა ახალი არ არის, მაგრამ მეცნიერებისთვის ახალია ეს საოცარი ნამარხი, რომელშიც კარგად ჩანს მტაცებლური ქცევა“, — ამბობს კანადის ბუნების მუზეუმის პალეობიოლოგი ჯორდან მალონი.
ფსიტაკოზავრის გვარი დაახლოებით 125-101 მილიონი წლის წინ არსებობდა და ფართოდ იყო გავრცელებული თანამედროვე რუსეთის, მონღოლეთისა და ტაილანდის ტერიტორიაზე. ჰქონდათ ძლიერი, თუთიყუშის მსგავსი ნისკარტები, დადიოდნენ უკანა ფეხებით, წინა კიდურებზე ჰქონდათ ბრჭყალები და სიგრძეში დაახლოებით ორ მეტრამდე იზრდებოდნენ.
R. robostus-ი რეპენომამის ორი სახეობიდან პატარა იყო და ადრეულ ცარცულ პერიოდში არსებობდა. მეორე, დიდი სახეობა მაჩვის ზომის იზრდებოდა. მიუხედავად ამისა, R. robostus-ი იმ დროის უდიდეს ძუძუმწოვართა შორის იყო. არ დაგვავიწყდეს, რომ ჯერ კიდევ დინოზავრების ეპოქა იდგა და ძუძუმწოვარი ძალიან ცოტა იყო.
ვულკანურ ქანში განმარხებული ფსიტაკოზავრისა და რეპენომამის ჩონჩხები ერთი შეხედვით სულაც არ არის გასაკვირი. ბევრი ძუძუმწოვარი გადარჩენისათვის ლეშს ჭამს. სავარაუდოდ, ამ უიღბლო ძუძუმწოვარს მსხვერპლის დაჭერისას ვულკანური ნაკადი წამოეწია.
თუმცა, ახლოს დათვალიერებისას, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ეს კონკრეტული ძუძუმწოვარი ლეშს სულაც არ ჭამდა. მკვლევართა ჯგუფს ჩინეთის ჰაინანის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პალეონტოლოგი განგ ჰანი ხელმძღვანელობდა.
ფსიტაკოზავრის ძვლები პოზაშია შენარჩუნებული, არცერთი ნაკბენი ლეშის ჭამას არ შეესაბამება. ამას გარდა, ნაკლებად სავარაუდოა, ორი ცხოველი ერთმანეთში ასე ყოფილიყო გადახლართული ლეშის ჭამის შემთხვევაში. სავარაუდოდ, დინოზავრზე ზემოდან მოთავსებული ძუძუმწოვარი თავდამსხმელი უნდა ყოფილიყო.
„მტკიცებულებათა ხარისხი აქტიურ თავდასხმაზე მიუთითებს“, — ამბობს მალონი.
ცნობილია, რომ პატარა, აგრესიული ცხოველები დღესაც ნადირობენ დიდ მსხვერპლზე. ამ მიმართულებით, ერთობლივად მოქმედებენ თუნდაც მგლები ან ლომები. სამურავები ჭამენ ჩრდილოეთის ირემს, რომელიც მათზე ათჯერ დიდი ზომისაა. თაფლიჭამია მაჩვები ნადირობენ ორიქსზე, რომელიც ასევე გაცილებით დიდია მათზე.
„სავარაუდოდ, სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე ამ ნამარხშიც. რეპენომამი ცოცხალ ფსიტაკოზავრს ჭამდა, რა დროსაც, ორივე ვულკანმა იმსხვერპლა“, — ამბობს მალონი.
მათი ძვლები მილიონობით წლის შემდეგაც გვიამბობს ამ საზარელი ამბის დეტალებს.
კვლევა Scientific Reports-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.