მონტანის შტატში რქიანი დინოზავრის ნაშთები აღმოაჩინეს. ცხოველი გიგანტური უნდა ყოფილიყო.
Lokiceratops rangiformis-ი ერთ-ერთი უდიდესი ცერატოპისია (რქიანი დინოზავრები), რომელსაც ოდესმე უარსებია ჩვენს პლანეტაზე. მიეკუთვნება რქიან დინოზავრთა ოჯახს, რომელშიც ასევე შედიან ტრიცერატოფსები და სტირაკოზავრები.
ამას გარდა, ორი გრძელი, მოხრილი რქა, რომლებიც მის თავის ქალას ამშვენებს, ყველაზე საოცარი ასეთი მახასიათებელია ამ დრომდე აღმოჩენილთა შორის. სწორედ ამ რქების გამო უწოდეს დინოზავრს სახელი, იმ ჩაფხუტის გამო, რომელსაც მარველის პერსონაჟი ლოკი ატარებს.
ლოკიცერატოპები 78 მილიონი წლის წინ არსებობდნენ, ცენტროზავრინების ქვეოჯახის სხვა წარმომადგენლებთან ერთად. ისინი ცარცულ პერიოდში, კუნძულოვან კონტინენტ ლარამიდიაზე ბინადრობდნენ. ლოკიცერატოპები ყველაზე დიდები და მძიმეები იყვნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ყველა ძვალი ერთ ინდივიდს ეკუთვნის, პირწმინდად იღბლის დამსახურებაა, რომ შემორჩენილია თავის ქალის უმეტესი ნაწილი.
ამის საფუძველზე ვიცით, რომ ლოკიცერატოპებს ყველასგან განსხვავებული რქები ჰქონდათ — ორი დიდი, ირმის მსგავსი ასიმეტრიული რქა ვრცელ, ფარის მსგავს ძვლის ფირფიტაზე, რომელიც რქიან დინოზავრებს ჰქონდათ. ამას გარდა, მას არ აქვს ცხვირის რქა, რომელიც მის მსგავს სხვა მხეცებს ჰქონდათ.
მკვლევართა აზრით, ეს დინოზავრები რქებს დაახლოებით ისე იყენებდნენ, როგორც ფრინველები თავიანთ სხვადასხვა ბუმბულს შეწყვილებისთვის ან სახეობის ამოსაცნობად.
„თავის ქალის ორნამენტები საკვანძოა რქიან დინოზავრთა მრავალფეროვნების შესასწავლად და იმის საჩვენებლად, რომ ევოლუციურმა სელექციამ ხელი შეუწყო ცარცული პერიოდის ეკოსისტემის თავბრუდამხვევ მრავალფეროვნებას“, — ამბობს სმიტსონის ტროპიკულ კვლევათა ინსტიტუტის პალეონტოლოგი ჯოზეფ სერტიჩი.
განმარხებული ძვლები მონტანის შტატში, მდინარე ჯუდითის ფორმაციაში აღმოაჩინეს; ნამარხების ამ საბადოზე ასევე აღმოაჩინეს ოთხი სხვა დინოზავრის ძვლებიც.
როდესაც სერტიჩმა და მისმა კოლეგამ, იუტის უნივერსიტეტის პალეონტოლოგმა მარკ ლეოვენმა 2019 წელს აღმოჩენილი ძვლებით თავის ქალის რეკონსტრუქცია დაიწყეს, მიხვდნენ, რომ მათ წინაშე რაღაც ისეთი იყო, რაც იქამდე არავის ენახა.
მათი შეფასებით, ლოკიცერატოპების სიგრძე 6,7 მეტრი უნდა ყოფილიყო, თავის ქალის კი 2 მეტრი ცხვირიდან რქების წვერამდე. წონა დაახლოებით ხუთი ტონა უნდა ყოფილიყო. ამ მაჩვენებლით, ის დღევანდელი უდიდესი სპილოს წონის უნდა ყოფილიყო.
ზომით ისინი ტრიცერატოფსებს ჩამოუვარდებოდნენ, რომლებიც დედამიწაზე დაახლოებით 10 მილიონი წლის შემდეგ გამოჩნდნენ.
ლოკიცერატოპის ნაშთებთან ერთად აღმოჩენილი ოთხი სხვა დინოზავრიდან სამის ძვლებიც რქიან დინოზავრებს ეკუთვნის, რომლებიც ერთმანეთს და ლოკიცერატოპებს ახლოს ენათესავებოდნენ. მეოთხე სხვა რქიან დინოზავრს ეკუთვნის. ლარამიდიის მიღმა, რქიანი დინოზავრები არსად გვხვდება.
„აქამდე პალეონტოლოგები ფიქრობდნენ, რომ ერთსა და იმავე ადგილას, ერთსა და იმავე პერიოდში, თანაარსებობა მაქსიმუმ ორ რქიან დინოზავრს უნდა შესძლებოდა. საოცარია, რომ ჩვენ აღმოვაჩინეთ ხუთი ასეთი დინოზავრი, რომლებიც ერთმანეთის გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ“, — ამბობს ლეოვენი.
რქიან დინოზავრთა დიდი ზომები და მრავალფეროვნება სავარაუდოდ განაპირობა მათმა იზოლაციამ კონტინენტ ლარამიდიზე. ასეთი რამ სხვა იზოლირებულ ცხოველებშიც გვხვდება, მათ შორის გალაპაგოსის კუნძულებზე გავრცელებულ ფრინველ მთიულებში.
მკვლევართა განცხადებით, ეს იმაზე მიუთითებს, რომ დინოზავრთა მრავალფეროვნებას შეიძლება სათანადოდ ვერ ვაფასებთ.
კვლევა PeerJ-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.